ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, 2024 წელს დასავლეთ საქართველოს ათეულობით დასახლებაში ადგილობრივმა ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ცვლილების დრო იყო. მათ სარეცხის საკიდების და გაუმართავი სადარბაზოების ნაცვლად, მოწესრიგებული სივრცეები, გამწვანება და უსაფრთხოება შემოიტანეს. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ იწყება დიდი ცვლილება ერთი პატარა გადაწყვეტილებით.
“წლებია, კორპუსის ეზოში წყალი დგებოდა. ვერც ბავშვები თამაშობდნენ, ვერც უფროსები გადაადგილდებოდა ნორმალურად. მერე გვითხრეს, ინიციატივა დაწერეთო, და ვიფიქრეთ, რატომაც არა? დღეს იქ სისუფთავეა, განათებაც გვაქვს და ბავშვებსაც აღარ ეშინიათ”, – თამარი, 56 წლის, ხონის მუნიციპალიტეტი
2024 წელს ქალთა ფონდი „სოხუმმა“ და მისი პარტნიორებმა (Equality Fund, Brot für die Welt, UN Women) 11 მუნიციპალიტეტში მხარი დაუჭირეს ქალთა ჯგუფების მიერ წამოწყებულ სამოქალაქო ინიციატივებს. იდეები მარტივი იყო, თუმცა შედეგები შთამბეჭდავი.
რა გააკეთეს ქალებმა და რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი?
📍 ქუთაისი და წყალტუბო
მოწყობილი სარდაფები, დასუფთავებული გარემო, საინფორმაციო დაფები სადარბაზოებში – შედეგად, 3 000-მდე ადამიანისთვის უკეთესი პირობები და მეტად დაცული გარემო.
📍 ხონი და სენაკი – სადრენაჟე სისტემები და სახლის ნომრების მონიშვნა, რაც პოლიციის რეაგირებას ამარტივებს – უსაფრთხოების გაძლიერება და ძალადობის პრევენცია 1 500-მდე ოჯახისთვის.
📍 ზუგდიდი, თერჯოლა, ხობი, ვანი – სკვერები, სპორტული მოედნები, მოსაცდელი სივრცეები. თერჯოლაში ახალგაზრდების მხარდაჭერა, ვანში – მარტოხელა დედების გაძლიერება.
📍 სამტრედია და წალენჯიხა – გამწვანებული პარკები და ეკონომიკური გაძლიერება – მიწის დამუშავების ტექნიკითა და ნერგებით სოფლად მცხოვრები ქალებისთვის.
“მარტო ვიყავი, მაგრამ ხუთი ქალით დავიწყეთ. თერჯოლაში სკვერის იდეაზე დაგვცინეს კიდეც, „ვინ მოვა აქო“. ახლა იქ მოხუცებიც სხედან და ბავშვებიც თამაშობენ. ხმაურია, მაგრამ კარგი ხმაური”, – გულნარა, 41 წლის, ხობის მუნიციპალიტეტი პატარა ინიციატივებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ქალთა ფონდი „სოხუმის“ პროექტმა გვაჩვენა, რომ ცვლილებები იწყება ადგილობრივი ადამიანების ინიციატივით. ქალები, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარ უბნებში პასიური მონაწილეები იყვნენ, დღეს ლიდერები გახდნენ. მათ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა შეცვალეს, არამედ თემის განცდაც, რომ ერთად შესაძლებელია რაღაცის გამოსწორება.
– მცირე ინიციატივები თემის საჭიროებებს ზუსტად პასუხობდა;
– ქალები პროცესის ლიდერები გახდნენ და თვითორგანიზების გამოცდილება მიიღეს;
– ერთჯერადმა აქტივობებმა გრძელვადიანი სოციალური და ინფრასტრუქტურული ცვლილებები მოიტანა;
– დონორთა ფინანსურმა და ტექნიკურმა მხარდაჭერამ უზრუნველყო ინიციატივების მდგრადობა.
ეს მხოლოდ ერთი წლის ამბავია. ახლა წარმოიდგინეთ, რას შეძლებს ათასობით ქალი, თუ მათ საშუალება მიეცემათ?
კომენტარები