“ემპოლიში” თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, – აცხადებს საქართველოს ნაკრებისა და “ემპოლის“ 20 წლის მცველი საბა გოგლიჩიძე გამოცემა Sport.quotidiano.net-თან ინტერვიუში.
“სეზონის პირველი ნახევრით კმაყოფილები ვართ. თამაში მწვრთნელის მითითებებით უნდა გავაგრძელოთ. თავიდან უცხო ქვეყანაში ცხოვრება ადვილი არ არის, როდესაც ენა არ იცი. საბედნიეროდ, ისეთ ოჯახში მოვედი, როგორიც “ემპოლია“. აქ თავს კარგად ვგრძნობ. პირველ თამაშში ვღელავდი, მაგრამ თანაგუნდელები გვერდში დამიდგნენ. ამის შემდეგ დავმშვიდდი და სტრესი მოვიშორე. ახლა კარგად ვარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.
მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა – ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობას ვუხდი მას ამისთვის. ეს მაძლევს თავდაჯერებულობას, თამაშიდან თამაშამდე გავიზარდო. ვმუშაობ და ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც მწვრთნელი მთხოვს. ის ყოველ თამაშში სხვადასხვა დავალებას მაძლევს, რაც განვითარებაში მეხმარება. რაც შეეხება მეტოქეებს, ყველაზე ძლიერი მოთამაშეები ლეაო და კვარაცხელია არიან, მათ წინააღმდეგ თამაში რთული იყო.
სერია A მაღალი დონის ჩემპიონატია. არის ლიგები, სადაც ფიზიკურად ძლიერი უნდა იყო, სხვაგან ტაქტიკური განსწავლულობა ფასდება. იმისთვის, რომ ითამაშო, ყველა თვალსაზრისით მზად უნდა იყო. სერია A მომწონს, აქ ვვითარდები.
საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩიც ჩავატარე. ქართველებს ძალიან გვიყვარს საკუთარი ქვეყანა და ეროვნულ გუნდში თამაში ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია”, – ამბობს საბა გოგლიჩიძე.
კომენტარები