მთავარიახალი ამბებისლაიდი

“საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ეს ფორმატი”

“საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ეს ფორმატი”

“რიონის ხეობის გადარჩენისთვის” მედიაციის პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი მედიაციის ფორმატს ტოვებს.

„ნამოხვანის პროტესტი 300 დღეზე მეტია, უწყვეტად მიმდინარეობს. ამ ხნის მანძილზე გამოაშკარავდა არა მარტო ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების შეუძლებლობა, არამედ ჩვენი ქვეყნის არაერთი სისტემური ხასიათის პრობლემა. პროტესტმა შეძლო რეზონანსული გაეხადა ნამოხვანის თემა, ხელი შეუშალა უკანონო მშენებლობის პროცესს, მოახერხა გამოეწვია მოქალაქეთა გაცნობიერებული დამოკიდებულება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებისადმი. სახელმწიფოსა და თურქულ კომპანია „ენკას“ შორის უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულების, ამავე კომპანიის საკუთრებაში გადაცემული 605 ჰა მიწისა და დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიუხედავად, ხელისუფლება, ძლიერი საპროტესტო წნეხის გავლენით, იძულებული გახდა გაესაჯაროებინა იმ დრომდე კონფიდენციალური ხელშეკრულება, მიწის გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტი, აგრეთვე გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წელს გაცემული კრიტიკული დასკვნა. ხელისუფლებამ აღიარა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ამ პროექტს უკავშირდება, მათ შორის, კომუნიკაციის ნაკლებობა, მიწის გადაცემასთან დაკავშირებული პრობლემები, კვლევების ვალიდურობის საკითხი.

კრიზისის განსამუხტად და ნამოხვანის პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ვალიდურობის დასადგენად ხელისუფლებამ მიმართა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრს, როგორც მედიატორს. ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო, ერთი მხრივ, სახელისუფლებო ჯგუფს, მეორე მხრივ კი, ჩვენი საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებს, ექსპერტებს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში. მართალია, მედიატორი შეირჩა სახელისუფლებო ჯგუფის მიერ, რომელსაც, ჩვენი მათთან ურითიერთობიდან გამომდინარე, რთულია ენდო, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა არავითარი საფუძველი უნდობლობა გამოგვეცხადებინა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანებისათვის.

გარდა ამისა, ვფიქრობთ, სწორად წარმართული მედიაციის პროცესი იქნებოდა უმნიშვენელოვანესი მიღწევა ჩვენს ხანგრძლივ ბრძოლაში, ამავე დროს, ეს იქნებოდა ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის საერთაშორისო შეფასების პრეცედენტი ევროკავშირის სტანდარტების გათვალისწინებით.

მედიისათვის დახურული მოლაპარაკებების პროცესი უკვე სამ თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს. საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ეს ფორმატი.

ამიტომ, გვინდა საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია პროცესისა და ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ.

მედიაციის წინაპირობები და მოლაპარაკებების კონტექსტი

მედიაციის პროცესის დაწყების აუცილებელ წინაპირობებად ჩვენ დავასახელეთ სამი საკითხი: პროტესტის მონაწილეთა დევნის შეწყვეტა და ხეობაში მათი თავისუფალი გადაადგილების აღდგენა, თავდაპირველ ადგილზე პროტესტის თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობა, და კომპანია „ენკას“ მიერ წარმოებული სამუშაო პროცესის შეჩერება. ეს წინაპირობები, პირველი ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე, წინასწარ შევათანხმეთ რამდენიმე ონლაინ ჩართვისას, რის შემდეგაც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორობით შედგა მხარეების პირისპირ შეხვედრა ნატახტარში, ა.წ. 12 ივნისს. სახელისუფლებო ჯგუფს წარმოადგენდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები, პროტესტსაც წარმოვადგენდით ექვსნი, აგრეთვე, 20-მდე ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ცალკე – დამკვირვებელთა სამკაციანი ჯგუფი. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოიწვიეს დამკვირვებლის სატატუსით ნატახტარის შეხვედრაზე საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე დავით მირცხულავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი, რომლებიც წლებია, აშკარად ლობირებენ ნამოხვანის და სხვა სადავო ჰიდროპროექტებს საქართველოში, თითქმის ყოველთვის ისინი აჟღერებენ ხელისუფლების პოზიციას. გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, მათი ხილვა სახელისუფლებო ჯგუფის მხარეს. აღსანიშნავია, რომ მედიატორმა გაიზიარა ეს არგუმენტი და 12 ივნისის შემდეგ ისინი აღარ დასწრებიან ონლაინ შეხვედრებს.

პირველივე შეხვედრისას მედიაციაში შესვლის აუცილებელ პირობად ჩვენ პრინციპულად დავაყენეთ ზემოთაღნიშნული საკითხები. სახელისუფლებო ჯგუფმა დაანაწევრა წინაპირობები, რომელთა შეთავაზებული ფორმით შესრულება აუცილებელი იყო ხეობაში დაძაბულობის დეესკალაციის მისაღწევად და თანაბარი გარემოს შესაქმნელად დიალოგში ჩართული მხარეებისათვის. საბოლოოდ, მაინც მოხერხდა შეგვეთანხმებინა კონსტიტუციურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების უმოკლეს დროში გადაწყვეტა და პირველი ორი პირობის შესრულებისთანავე, უნდა განგვეხილა სამუშაო პროცესის შეჩერების საკითხი. თუმცა მომდევნო ონლაინ შეხვედრაზე სრულიად გამოირიცხა კომპანია „ენკას“ მიერ სამუშაოების შეჩერების შესაძლებლობა, მეტიც დანარჩენი პირობების შესრულების სანაცვლოდ ხელისუფლებამ მოითხოვა პროტესტის მონაწილეებს საჯაროდ დაგვედო პირობა, რომ კომპანიის მუშა პროცესს არ შევაფერხებდით. ჩვენ, რასაკვირველია, განვმარტეთ რომ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და პროტესეტის თავისუფლება, ვაჭრობის საგანი ვერ იქნება, ხოლო რაც შეეხება საჯარო პირობას, რომ კომპანია „ენკას“ ხელს არ შევუშლით, მივიჩნევთ, რომ უცნაურია, პროტესტს მოსთხოვო უარი თქვას მის ძირითად შინაარსზე – ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და არის, მშვიდობიანი გზებით ხელი შევუშალოთ უკანონო მშენებლობის პროცესს, რასაც ახორციელებს თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ რიონის ხეობაში. ასეთი კონტრპირობები ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დააპირა მედიაციის პროცესი გამოიყენოს პროტესტის ჯერ შესარბილებლად, და შემდეგ – დასაშლელად. ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ შეუძლებელია, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს უკარნახოს, სად და რამდენი ხნით განათავსოს კარვები და რა შეძახილი გამოიყენოს.

პირისპირ შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ სახელისუფლებო ჯგუფს, რომელსაც წარმოადგენდნენ ორი მინისტრის მოადგილე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ოთხი სხვადასხვა დარგის ექსპერტი, აშკარად არ შეუძლია აიღოს პასუხისმგებლობა მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის, წინაპირობების შესრულებასთან დაკავშირებით. ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს ისიც, რომ მისი შემადგენლობა ცვალებადობს შეხვედრიდან შეხვედრამდე. ბოლოს, მხოლოდ მოადგილეები შემორჩნენ – ესეც დამატებითი ფაქტორი უნდობლობის გასაძლიერებლად: მაშინ, როდესაც მრავალი დღეა ჩვენ და ჩვენი ათეულ ათასობით მხარდამჭერი ვითხოვთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადადგომას, მედიაციაში ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვის თქმას მისი მოადგილე აპირებს.

მედიაციის წინაპირობების შეუსრულებლობა

პირისპირ შეხვედრა 12 ივნისის შემდეგ აღარ გამართულა, გვქონდა მხოლოდ ონლაინ ჩართვები. ივლისის ბოლომდე, ყველა ასეთი ონლაინ შეხვედრისას, ჩვენ ვადასტურებდით ასეთ პირობებში მედიაციის პროცესის დაწყების შეუძლებლობას, სახელისუფლებო მხარე კი მუდმივად ცდილობდა საკუთარი პოზიციის გატანას. ერთადერთი რაც ფორმალურად შესრულდა, ეს იყო ლითონის ბარიკადების დემონტაჟი, არსებითად კი არაფერი შეცვლილა. დღესაც კი შეზღუდულია პროტესტის მონაწილეთა თავისუფალი გადაადგილება ხეობაში. არ მოგვეცა პროტესტის თავდაპირველ ადგილას დაბრუნების საშუალება, იმ მოტივით, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო არეალი კომპანია „ენკას“ საკუთრებაა. შემოგვთავაზეს, შეგვერჩია ჯერ კიდევ სახელმწიფო ბალანსზე დარჩენილი მიწის 13 ნაკვეთიდან ერთ-ერთი. ერთობლივი დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ თორმეტი ნაკვეთი ან ძალიან დაცილებულია პროტესტის პირვანდელ ადგილს, ან იმდენად ციცაბო ფერდებია, რომ დიდი სურვილის შემთხვევაშიც არათუ კარვის გაშლა, ფეხის მოკიდებაც კი გაჭირდება. ერთადერთი ნაკვეთი, რომელსაც პირობითად ეწოდა „მე-13 მიწა“, ჩვენდა გასაოცრად, აღმოჩნდა ნამოხვანში ლალი ეფრემიძის მიწის მოპირდაპირედ მდებარე ყანა და ვენახი, რომელსაც ჩვენ თვითონ ვითხოვდით, ნამოხვანის კარვების დარბევის შემდეგ და მაშინ უარი გვეთქვა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. აქვე გავიხსენებთ, რომ ნამოხვანიდან ჩვენი გამოძევების მიზეზად დასახელდა მდინარის სავარაუდო ადიდება და ჩვენივე უსაფრთხოებისათვის აუცილებელი პრევენციის ზომები, მაშინ მიწის საკუთრების საკითხი არავის უხსენებია. ამ შემთხვევაში კი ლალის მიწაზე დაბრუნების შეუძლებლობა სახელისუფლებო ჯგუფმა ახსნა იმით, რომ ის კომპანია „ენკას“ საკუთრებაა, ხოლო „მე-13 მიწა“, რომელიც კომპანიამ კერძო პირისგან შეიძინა, პროცედურული გადაცემის პროცესშია და დათანხმების შემთხვევაში ჩვენ შევძლებდით მის გამოყენებას პროტესტისათვის 4-დან 6 თვემდე. შევნიშნავთ იმასაც, რომ მათ ვერ დააზუსტეს 4 თვით დაგვითმობდნენ მიწის ნაკვეთს, თუ ექვსით. ჩვენ განვმარტეთ, რომ ეს ლოკაცია ჩვენთვის მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ჩვენ გადმოგვეცემა საკუთრებაში, ან იჯარით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რა განსხვავებაა ლალის მიწასა და ამ „მე-13 მიწას“ შორის საკუთრების ფორმის თვალსაზრისით, თუ არ ვიფიქრებთ, რომ კომპანია „ენკასთვის“ ჩვენი კარვების განლაგების ადგილი ისეთივე პრინციპული საკითხია, როგორც ჩვენთვის. რასაკვირველია, ვერ შევთანხმდით.

რაც შეეხება პროტესტის მხარდამჭრების დევნის შეწყვეტას, მართალია, ჩვენი ორი თანამებრძოლი, დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მაგრამ საბოლოო პროცესის გამართვამდე, ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

სამუშაო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებაზე საუბარიც არ ღირს. საინტერესოა, რომ კომპანია „ენკა“, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მედიაციის იდეას უგულებელყოფს და აგრძელებს დამოუკიდებელ მოქმედებებს – მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო პროცესი, თითქმის სამი თვეა, ხეობაში ყველა სამშენებლო მოედანზე შეწყვეტილია და ტექნიკაც გაყვანილია, კომპანიის ოფიციალური განცხადებებით, მუშა პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. საინტერესო იქნებოდა, ვინმეს განემარტა ეს უცნაური ორმაგი სტანდარტი. ან რას ნიშნავს ის ყოველდღიური „რიტუალი“, როცა ჩვენს მიერ ორგანიზებულ ბლოკპოსტთან მოდის მათი ორი ერთეული ტექნიკა დრონით გადაღების თანხლებით, აფიქსირებენ, როგორ ვაფერხებთ მათ გადაადგილებას ხეობის მიმართულებით და მშვიდად ბრუნდებიან უკან.

უნდა აღინიშნოს, რომ დეესკალაცია ხეობაში გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ სამუშაო პროცესი მართლაც შეჩერებულია და ლანდშაფტის ყოველდღიური დაზიანება აღარ ხდება, მაგრამ რადგან კომპანიის მიერ კეთდება სრულიად საპირისპირო ხასიათის განცხადებები, არ გვაქვს არავითარი გარანტია იმისა, რომ სამუშაო პროცესი ნებისმიერ დროს არ განახლდება. ამდენად, დაძაბულობის ხელახალი ესკალაცია ყოველ წუთსაა მოსალოდნელი, რაც ვერ უზრუნველყოფს მედიაციისათვის შესაფერის მშვიდ და მხარეებისათვის თანაბარ გარემოს.

პროცესიდან გარიყვა

რაც შეეხება შესაძლო მედიაციის არსებით ნაწილს, ამ მხრივაც იყო მსჯელობა, კერძოდ, განისაზღვრა და შეთანხმდა ხელშეკრულებისა და გზშ დოკუმენტების შეფასების კრიტერიუმები და პროცედურა. სამინისტროების მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს არის, ჯერჯერობით, ერთადერთი შეთანხმებული და ორივე მხარისთვის მისაღები საკითხი.

ვერც გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიის შერჩევასთან დაკავშირებით შევთანხმდით. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით, ვითხოვდით, გზშ დოკუმენტის ექსპერტიზისათვის მოგვეწვია ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია, რომლის მაღალი პროფესიონალიზმი და რეპუტაცია ეჭვგარეშეა, რაც კატეგორიულად და უარგუმენტოდ უარყო სახელისუფლებო ჯგუფმა. მნიშვნელოვანია, რომ უარყოფის არგუმენტებმა გაიჟღერა პრემედიაციის კარს მიღმა, საჯარო სივრცეში, თანაც არა ხელისუფლების წარმომადგენლების, არამედ პირველ შეხვედრაზე დამკვირვებლად მოვლენილი, რეალურად კი – პროექტის ლობისტისაგან. ეს გახლდათ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის დირექტორი გიორგი აბრამიშვლი. გარდა იმისა, რომ დაირღვა წინასწარი შეთანხმება პრემედიაციის ფორმატის შესახებ, რაც გულისხმობს მსგავსი შეხვედრებისათვის დამახასიათებელ კონფიდენციალურობას და შეუთანხმებელი საჯარო განცხადებების შეუძლებლობას. სოციალურ სივრცეში გავრცელდა პოსტი ისეთი პირის მიერ, რომელიც შეხვედრას არ ესწრებოდა და ამასთან, თითიდან გამოწოვილი ბრალდებით, ჰოლანდიის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია დაადანაშაულა „რუსული რბილი ძალის“ ხაზის გატარებაში და განაცხადა, რომ „ნიდერლანდების კომისია ანტისახელმწიფოებრივ და სეპარატისტულ საქმიანობას ეწევა საქართველოში“. ერთი სიტყვით, ჰოლანდიის კომისია უარყოფილ იქნა დაუსაბუთებელი არგუმენტებით, მედიატორმა კი შემოგვთავაზა ალტერნატიული კომპანიების სია, რომლიდანაც მხარეების მიერ უნდა შერჩეულიყო ერთ-ერთი. აქვე გამოიკვეთა კიდევ ერთი მოულოდნელი პრობლემა – ექსპერტიზისთვის საჭირო თანხა, რომლის მოძიებაც, ჩვენთვის მოულოდნელად, მედიატორმა პრემედიაციაში ჩართულ მხარეებს დაგვავალა.

უკანასკნელი ონლაინ ჩართვა, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობდით, შედგა 22 ივლისს. ამ შეხვედრის შემდეგ მედიატორმა, ჩვეულებისამებრ, გამოგვიგზავნა შეხვედრის წერილობითი რეზიუმე, რომლითაც შეგვატყობინა, რომ რადგან ბარიკადები აღებულია და ორი დაკავებული ადამიანი გათავისუფლებულია, დეესკალაცია ხეობაში მიღწეულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების მიერ წინაპირობები შესრულებულად ითვლება და რომ მას სახელისუფლებო ჯგუფზე და მითუმეტეს, კომპანია „ენკაზე“ ზემოქმედების ამაზე მეტი ბერკეტი არ გააჩნია. ჩვენ და ჩართულ ორგანიზაციებს კი რეკომენდაციის სახით, გვირჩია, ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდებზე გამოგვექვეყნებინა ასეთი წინადადება: „პროტესტის მონაწილეები გააგრძელებენ თავიანთ პროტესტს მშვიდობიანად, და უპირობოდ დაემორჩილებიან საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და სამართალდარღვევათა კოდექსს“, რაც ნიშნავს, რომ ამდენი თვის მანძილზე პროტესტი მშვიდობიანი არ იყო და არ ითვალისწინებდა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასა და სამართალდარღვევათა კოდექსს – არ დავმალავთ, ჩვენთვის ძალიან საწყენია ასეთი უსამართლო შეფასება.

მართალია, სექტემბრის დასაწყისში მედიატორი შვებულებიდან დაბრუნდა, მიმოწერა აღდგა და ონლაინ შეხვედრაც შედგა, მაგრამ ჩვენ, პროტესტის ჯგუფს, ამ კომუნიკაციაში მონაწილეობა აღარ მიგვიღია. არც სახელისუფლებო ჯგუფს და არც მედიატორს ჩვენი არყოფნა არ შეუნიშნავს, როგორც ჩანს, ჩვენი ჩართულობის აუცილებლობა ვერ დაინახეს.

წითელი ხაზი

ჩვენ ვადასტურებთ, რომ საპროტესტო მოძრაობის საინიციატივო ჯგუფმა ამ პროცესში მიაღწია წითელ ხაზს, რომლის გადაკვეთა შეუქცევადად დააზიანებს პროტესტს. მივიჩნევთ, რომ პრემედიაციის პროცესი წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით. ამ ხარვეზების შესახებ ჩვენ ვსაუბრობდით ყოველი ონლაინ ჩართვისას და გამოვხატავდით კრიტიკულ დამოკიდებულებას წერილობით, ონლაინ ჩართვების შემდეგ მედიატორთან მიმოწერებში. ვთვლით, რომ:

წინაპირობების შეუსრულებლობა მხოლოდ ფორმალურ საფუძველს კი არ გვიქმნის იმისათვის, რომ არ შევყვეთ ხელისუფლებას სათავისოდ დადგმულ იმიტირებულ დიალოგში, არამედ გვაფიქრებინებს, რომ ნდობა, რომელიც ნამოხვანის პროექტთან დაკავშირებით არც აქამდე ყოფილა ჩვენს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, მომავალშიც არაა მოსალოდნელი. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მყოფთ არ სჭირდებათ ჩვენი ნდობა, საჭიროდ არ თვლიან გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესი, ამიტომ იყო და არის ფორმალური მათი ე.წ. „მოსახლეობასთან კომუნიკაცია“, რომლის ნაკლებობაც აღიარეს მას შემდეგ, რაც ამ „კომუნიკაციის“ საპოლიციო ძალებით შესრულებამ ამოწურა თავისი რესურსი.

ჩვენი მხარდამჭერების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებასთან რაიმე სახის დიალოგს ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებდა და არც ამ მედიაციის მიმართ აქვთ დიდი მოლოდინი. ხანგრძილივი, მშვიდობიანი და კონსტრუქციული პროტესტით ჩვენ შევძელით დაგვერწმუნებინა საზოგადოება, რომ აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა ცივილიზებული ფორმა, ყველა არსებული ტრიბუნა სამართლიანობის დასადგენად, ამასთანავე, მივცეთ საშუალება ხელისუფალსაც, იყოს სამართლიანი. ნამოხვანის პროცესში ევროკავშირის სტრუქტურის ჩართვა უდავოდ აჩენს ნდობის ნაპერწკალს, მაგრამ ეს ნდობა უპირობო ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მძიმეა ის, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა არ არსებობს, მაგრამ ასევე მძიმეა ისიც, რომ მედიატორი იხრება საკითხის ისეთი ფორმალური და ტექნიკური გადაწყვეტისკენ, რითაც მხოლოდ სახელისუფლებო ჯგუფია დაინტერესებული.

ნდობის დეფიციტს დიდად განაპირობებს ისიც, რომ შეხვედრები მედიისათვის დახურულია და დამატებითი შეთანხმების სახით, ძირითადად, კონფიდენციალურიც. განგვიმარტეს, რომ ამ ტიპის შეხვედრებისთვის დამახასიათებელია დახურული ფორმატი. მართალია, არსებობს ყველა ონლაინ შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ შეუთანხმებლად არც ამ მასალების გამოყენება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, პროცესის საჯაროობა იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნდობის ხარისხის გასაზრდელად. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ყველა პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და საჯარო იყოს, ცხადია, შეგვეძლო, აქაც თავიდანვე უარი გვეთქვა მონაწილეობაზე, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ქართული საზოგადოება, რომელიც ნამოხვანის პროტესტის საინიაციტივო ჯგუფს ენდობა, გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას და გვანიჭებს უფლებამოსილებას, წარმოვადგინოთ იგი ასეთ მნიშვნელოვან პროცესში, რომ ბოლომდე და პრინციპულად დავიცვათ მისი ინტერესები.

პრემედიაციაში ჩართული პოტესტის ჯგუფი მივიჩნევთ, რომ არა მხოლოდ წინაპირობების შეუსრულებლობა, არამედ მთლიანობაში მიკერძოებულად, უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ წარმარმართული პროცესი შეუძლებელს ხდის რიონის ხეობის მოძრაობის შემდგომ მონაწილეობას მასში. ვწუხვართ, რომ ჩვენი და სახელისუფლებო ჯგუფის ურთიერთობის კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა. მართალია, ძალიან მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მაგრამ ჩვენ დიდი სურვილი გვქონდა, პროცესი ახალი, პოზიტიური მიმართულებით განვითარებულიყო. იქნება თუ არა შესაძლებელი პროექტის დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური შეფასება, ამას დრო გვიჩვენებს. რიონის ხეობაში კი უკანონო მშენებლობისა და ანტისახელმწიფოებრივი პროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები