მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“საირმეს რეკრეაციული ფერმა” განცხადებას ავრცელებს

“საირმეს რეკრეაციული ფერმა” განცხადებას ავრცელებს

“საირმეს რეკრეაციული ფერმა” განცხადებას ავრცელებს და განმარტავს რას ითვალისწინებს ბაღდათსა და ვანის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო ტყის ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემა.

“საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის შესახებ მოსახლეობის ვიწრო ჯგუფის მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. ამის საპასუხოდ გვსურს, გავაკეთოთ მოკლე განმარტება იმის თაობაზე, თუ რას ითვალისწინებს ბაღდათსა და ვანის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო ტყის ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემა და კონკრეტულად რა საინვესტიციო პირობები სრულდება ლიცენზიის მფლობელის მიერ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ლიცენზიის განკარგვის მიზნით 2024 წლის ივლისში გაიმართა საჯარო განხილვა, რომელსაც დაესწრო როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე სახელმწიფოს წარმომადგენლები. აღნიშნულ სხდომაზე მოიწონეს რეკრეაციული ფერმის მოწყობის გეგმა. აღსანიშნავია, რომ ლიცენზიის განკარგვა მოხდა საჯარო აუქციონის გზით, რომელში მონაწილეობის  შესაძლებლობაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა.

ჩვენ, აღნიშნული ლიცენზიით, ვიკისრეთ ვალდებულება, რომ 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე, მეურნეობისა და რეკრეაციული ფერმის მოწყობის მიზნით, 5 წლის ვადაში განვახორციელოთ არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია. პროექტის ფარგლებში მოვაშენებთ ქართულ კავკასიურ ირემს და არჩვს, მოვაწყობთ მოსასვენებელ კოტეჯებს, თავშესაფარს ვიზიტორებისათვის, შევიძენთ სპეციალური მაღალი განმავლობის ტრანსპორტს, თოვლმავლებს, დრონებს, ფოტოხაფანგებს და სხვა. ასევე, უზრუნველვყოფთ ტერიტორიაზე თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას, მოვაწყობთ ვეტერინარულ პუნქტს, შევიძენთ ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს და აღჭურვილობას ტყის ხანძრისგან დაცვის მიზნით.

აქვე ხაზგასასმელია, რომ ლიცენზიის მიღებიდან პირველი 6 თვის ვადაში ჩვენი მხრიდან აქტიური სამუშაოები უკვე ჩატარდა. მათ შორის:

· კომპანიაში დავასაქმეთ ერთი სპეციალისტი და 6 რეინჯერ-ეგერი, რომლებიც უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი უნიფორმით და საჭირო აღჭურვილობით;

· რეინჯერების გადაადგილების მიზნით შეძენილია მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, ბაგის ტიპის 2 ავტომობილი, 2 თოვლმავალი და 2 ცხენი;

· სალიცენზიო არეალში განვათავსეთ 25 ერთეული ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც პერიოდულად გაიზრდება;

· შეძენილია 1  ერთეული სპეციალური დანიშნულების, სითბური ხედვის დრონი;

· სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე (ლიცენზიის არეალში) განთავსდა საკვებურები გარეული ცხოველებისათვის;

· დამზადდა და პერიოდულად იდგმება საინფორმაციო დაფები და გამაფრთხილებელი ნიშნები;

· შეძენილია და ტყის ტერიტორიაზე განთავსებულია ხანძრის საწინააღმდეგო ინვენტარი;

· წაბლარისწყლის ერთ-ერთ შენაკადში ჩაეშვა წითელწინწკლებიანი კალმახის 30 000  ქვირითი;

· სსიპ – ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმდა ხელშეკრულება მართვის გეგმის შემუშავების მიზნით, რომელიც უნდა მომზადდეს არაუგვიანეს 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე.

მიმდინარე ეტაპზე, ჯამურად, ინვესტირებული თანხა 700 000 ლარს აღემატება და უახლოეს პერიოდში, თოვლის დნობის შემდგომ (რაც ხელს უშლის პროექტის აქტიურად განხორციელებას), კიდევ უფრო გაიზრდება.

ხაზგასასმელია, რომ სალიცენზიო არეალი რამდენჯერმე დაკორექტირდა (შემცირდა) კომპანიის მიერ, არეალში გამოვლენილი სხვადასხვა შეზღუდვისა და საკუთრების უფლების საფუძველზე, რომელიც სრულად იქნა ამოღებული სალიცენზიო არეალიდან.

ასევე, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის, რომ ლიცენზიის ბრძანება ითვალისწინებს პირდაპირ მითითებას, რომ, თუ ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობზე სამომავლოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ნებისმიერ პირს დაუდასტურდება ფართობი, შესაძლოა, შემცირდეს ლიცენზიის ფართობი, შესაბამისი რეგისტრირებული ფართობის/კერძო საკუთრების ფარგლებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პროტესტის მონაწილეების ნებისმიერი მითითება, რომ ლიცენზიის გაცემით იზღუდება კერძო მესაკუთრეთა გადაადგილების ან/და საკუთრების უფლება, არის მიზანმიმართული სიცრუე, რომელიც ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და ვიწრო ჯგუფის პირად ინტერესებს.

ხაზგასასმელია ის, რომ პროექტის მოწინააღმდეგეებს, ვლადიმირ (ვეხო) მესხიასა და გელა სოსელიას, აქვთ პირადი ინტერესები კურორტ საირმის ტერიტორიაზე ტყის დაცვისა და წესრიგის დამკვიდრების წინააღმდეგ. ჩვენ ლიცენზიის მიღების დღიდან ვასრულებთ სალიცენზიო ვალდებულებებს და უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ტყის ტერიტორიის დაცვას უკანონო მონადირეებისგან (ბრაკონიერებისგან), ასევე სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობებისა და სხვა უკანონო ქმედებებისგან.

შესაბამისად, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზემოაღნიშნული პირები ეწინააღმდეგებიან სწორედ იმ უკანონობის აღკვეთას, რაშიც თავად არიან შემჩნეულნი.

კერძოდ, ვლადიმირ (ვეხო) მესხია, რომელიც აპელირებს ტყეში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე (რაც მიზანმიმართული სიცრუეა), რეალურად აპროტესტებს მისთვის უკანონო ნადირობის შეზღუდვას, ხოლო გელა სოსელიას პროტესტის საფუძველი, თითქოს ლიცენზიის გაცემით შეეზღუდა საკუთრების უფლება, მტკნარი სიცრუეა. რეალურად, სახელმწიფო ტყის საკუთრებაში რეგისტრაციისას მის მიერ კანონის დარღვევის ფაქტებზე პროკურატურამ გამოძიება 2021 წლის დეკემბერში სატყეო სააგენტოს საჩივრის გამო დაიწყო. აღნიშნულ ფაქტზე სოფლის რწმუნებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, სწორედ გელა სოსელიას მიერ მისი შეცდომაში შეყვანისა და კანონსაწინააღმდეგო დოკუმენტის მომზადების საფუძველზე.

ასევე ხაზგასასმელია, რომ ბუნებისა და ტყის “დაცვის“ მოტივით ორგანიზებული პროტესტის ავტორს (გელა სოსელიას) მდინარე წაბლარისწყლის კალაპოტში, ყოველგვარი სამშენებლო და სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, თერმული წყლის ჭაბურღილის სიახლოვეს, სანიტარიული დაცვის ზონაში განთავსებული აქვს შენობა-ნაგებობა და სველი წერტილი (წყალარინების გარეშე). ეს კი სანიტარიული ნორმების უხეში დარღვევაა და საფრთხეს უქმნის როგორც თერმული წყლების, ისე მდინარის სანიტარიულ მდგომარეობას.

კანონის აღსრულებით გამოწვეულ მათ გაღიზიანებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გამაფრთხილებელი ნიშნების/აბრების განთავსების შემდგომ (რომლებზედაც მითითებულია, რომ უკანონო ნადირობა და თევზჭერა აკრძალულია), სავარაუდოდ, პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან დაფიქსირდა აბრების ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიზანმიმართული დაზიანების ფაქტი.

შესაბამისად, მიმდინარე პროტესტის რეალური მიზეზი და მიზანი არ შეესაბამება მათი ორგანიზატორების მიერ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებს და ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და ლიცენზიის მფლობელის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას. მაშინ როცა ტყისა და ბუნების წინააღმდეგ ქმედებებს სწორედ პროტესტის ორგანიზატორები სჩადიან. ჩვენ კი, როგორც ლიცენზიის მფლობელები, სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მათ დაცვასა და აღსრულებას უზრუნველვყოფთ და ამ მიზნით მილიონობით ინვესტიციას ვდებთ.

გარდა ზემოაღნიშნული რეკრეაციული ფერმის მოწყობისა, კურორტ საირმეში დაგეგმილია  ისტორიული საინვესტიციო პროექტის განხორციელება, რაც საირმეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის მასშტაბით აქცევს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტული დანიშნულების ადგილად, რასთან დაკავშირებითაც ადგილობრივ მოსახლეობასა და დაინტერესებულ პირებს პერიოდულად მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები