საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მესამე მატჩი გაიმართა. პირველი ორი შეხვედრა თსუ-მ ქუთაისში მოიგო.
სერია კი სამ მოგებამდეა. ამიტომ, 25 მაისს თბილისში გასამართ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰოქონდა – მოგების შემთხვევაში თსუ საქართველოს ჩემპიონი ხდებოდა, ხოლო თუ ქუთაისელები გაიმარჯვებდნენ სხვაობას შეამცირებდნენ.
კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა „ქუთაისმა“ ძალიან მოინდომა და თსუ-ს ჩემპიონობა არ დაანება – იმერულმა კლუბმა თბილისში 81:67 გაიმარჯვა და სერიაში სხვაობა ერთ მოგებამდე დავიდა – 1:2.
„ქუთაისის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველთა ტრიოს: გიორგი ოჩხიკიძემ 24 ქულა ჩააგდო, მიხეილ ბერიშვილმა – 20 ქულა (9-დან 6 სამიანი) და გიორგი კორსანტიამ – 19 ქულა. თუმცა ეს მხოლოდ ქულების მონაგარია, რეალურად ძალიან დიდი მოცულობის საქმე შეასრულა „ქუთაისის“ ყველა კალათბურთელმა, რაც სტატისტიკიდანაც ჩანს: აკაკი დვალიშვილმა 11-ჯერ მოხსნა (2 ქულა), მარკელ სმიტმა კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა – 7 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი; ბექა ბექაურს 7 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა.
თსუ-ში ორმაგი დუბლი შასრულა ალექსანდრე ფევაძემ – 16 ქულა, 10 მოხსნა.
სერიის მეოთხე მატჩი 27 მაისს გაიმართება.
კომენტარები