მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სამტრედიაში საწარმოს, რომელსაც 250 მკერავი ჰყავდა, 70 დარჩა, ეს იგივე დახურვის ტოლფასია”

“სამტრედიაში საწარმოს, რომელსაც 250 მკერავი ჰყავდა, 70 დარჩა, ეს იგივე დახურვის ტოლფასია”

“სამტრედიაში საწარმოს, რომელსაც 250 მკერავი ჰყავდა, 70 დარჩა, ეს იგივე დახურვის ტოლფასია”, – ამის შესახებ „ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით ბიძინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია, სამკერვალო „ანაბეჭდზე“, რომელიც სამტრედიაში მდებარეობს. როგორც დავით ბიძინაშვილმა აღნიშნა, ამის მიზეზი უცხოეთიდან შეკვეთების შემცირება გახდა.

ცნობისთვის, „ანაბეჭდში“ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის უნიფორმებს, სპეცტანსაცმელსა და ბრენდულ სამოსს კერავენ. ამასთან, საწარმომ 2019-2024 წლებში სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“ სუბსიდირების სახით 400 000 ლარზე მეტი მიიღო.

დავით ბიძინაშვილი ამბობს, რომ ქართული წარმოების მიმართ უცხოეთიდან შეკვეთების შემცირება, მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვია. რასაც, დაემატა მათი უკმაყოფილება ადგილობრივი სიმძლავრეების მიმართ.

„უცხოეთიდან შემცირებულია შეკვეთები ჩვენი ქვეყნის წარმოებაზე. ეს ძირითადად უფრო პოლიტიკური მიზეზია.

მეორე ძირითადი გამოწვევა ის არის, რომ ბევრი შემკვეთი, რომელიც შემოსული იყო საქართველოში, ვერ კმაყოფილდებოდა ადგილობრივი საწარმოების სიმძლავრეებით. ვგულისხმობ, მუშახელის რაოდენობას, წარმადობას, ტექნოლოგიურ გადაიარაღებას და ა.შ. რაც საჭიროა ბევრი მოცულობის წარმოებისთვის. აქ ადგილობრივმა მეწარმემ ტექნოლოგიურად რომ გადააიარაღოს ფაბრიკა, კაპიტალდაბანდებაა საჭირო, თანხები რომ ჩადოს, იმედი უნდა გქონდეს სამომავლოდ, რომ ამოიღებს… ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული.

ადგილობრივი წარმოებები თანამშრომლობდნენ გერმანიასთან, ავსტრიასთან; ასევე, მცირე რაოდენობით, იტალიაშიც გადიოდა, ესპანეთშიც, ამერიკაშიც გადიოდა. პატარა კერძო საწარმოებისთვის, ვინც ონლაინ ვაჭრობენ, შედარებით უფრო მარტივია წარმოების შენახვა, მაგრამ დიდისთვის – რთულია. ერთ-ერთი საწარმო „ანაბეჭდი“, რომელსაც 250 მკერავი ჰყავდა, 70 დარჩა. ეს იგივე დახურვის ტოლფასია. ამის მიზეზი იყო შეკვეთების შემცირება, უცხოეთიდან.

ძალიან ცუდი დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მიმართ ამ ეტაპზე, პოლიტიკური პროცესების გამო“,- ამბობს დავით ბიძინაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ტექსტილის მასალებისა და ნაწარმის ექსპორტი შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 3 თვეში ქვეყნიდან 58.933 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 64.580 მლნ აშშ დოლარის.

ამასთან, შემცირებულია ადგილობრივი წარმოების ტექსტილის მასალებისა და ნაწარმის ექსპორტიც. წელს საანგარიშო პერიოდში 42.906 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, წინა წლის იანვარ-მარტში 48.929 მლნ აშშ დოლარის.

კომენტარები