მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც მაინც გადაწყვიტა მაღაროში შესვლა, არ გვეკადრება ასეთი საქციელი!”

“სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც მაინც გადაწყვიტა მაღაროში შესვლა, არ გვეკადრება ასეთი საქციელი!”

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება.

მაღაროელების ინფორმაციით, დღეს ისინი მღვიმევის მაღაროზე იმყოფებოდნენ, სადაც კომპანიამ სამუშაოები  დაიწყო.

მათი თქმით, დასაქმებულების დიდმა ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადათ, თუმცა ნაწილმა მაღაროში შესვლა მაინც გადაწყვიტა.

როგორც მაღაროელები აღნიშნავენ, დღეს კომპანიის ადმინისტრაციასთან შეხვედრა გაიმართება.

“დღეს მღვიმევის მაღაროზე ვიყავით. გავესაუბრეთ დასაქმებულებს, ავუხსენით არსებული მდგომარეობა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ამას ბევრი ახსნა არც სჭირდებოდა – ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ხდება.

განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე და ყველას ვთხოვეთ, დაელოდონ მის შედეგებს. შეგახსენებთ, რომ დღეს ვხვდებით კომპანიის ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ჩვენს იურისტთან ერთად.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა ჩვენს უსამართლოდ დაკავებულ ოთხ თანამებრძოლს და თავი შეიკავა სამუშაო პროცესში ჩართვისგან.

სამწუხაროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც უგულებელყო ეს მდგომარეობა და ამ გაურკვეველი ვითარების ფონზე მაინც გადაწყვიტა მაღაროში შესვლა. თავჩაღუნულები, უხმოდ მიიჩქაროდნენ შესასვლელისკენ.

აღსანიშნავია, რომ ვინც გადაწყვიტა მუშა პროცესში ჩართვა, საპენსიო ასაკს მიღწეულები არიან.

ჭიათურელებო, არ გვეკადრება ასეთი საქციელი! არ უნდა ვიაროთ ამ ქალაქში თავდახრილებმა – ერთმანეთისთვის თვალის გასწორების არ უნდა გვცხვენოდეს. შემირცხვენია ყველა ის ჭიათურელი, ვინც პირადი კეთილდღეობის მოლოდინს, ფულს და სიხარბეს კაცობაზე, ადამიანობაზე და მორალზე წინ აყენებს.

გრცხვენოდეთ!”, – წერენ მაღაროელები სოციალურ ქსელში.

მაღაროელების მოთხოვნაა, სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, ასევე ითხოვენ შეხვედრას “ოცნების” მთავრობასთან; ინვესტორის წასვლასა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღებას; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით ფონდის შექმნას ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, რომელიც მოსახლეობას მოემსახურება; ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ღია კარიერული წესით მოპოვების გაკონტროლებას.

კომენტარები