მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სანდრო ბაზაძე – შევეცდები, ევროპის ჩემპიონატზეც მოვიპოვო მორიგი ტიტული

სანდრო ბაზაძე – შევეცდები, ევროპის ჩემპიონატზეც მოვიპოვო მორიგი ტიტული

მსოფლიოს თასის გამარჯვებული სანდრო ბაზაძე საქართველოში დაბრუნდა. ქართველმა მოფარიკავემ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის – Villa de Madrid-ის გათამაშებაში გაიმარჯვა.

მთავარი ჯილდოსთვის სხვადასხვა ქვეყნის 257 წარმომადგენელი იბრძოდა. სანდრომ ფინალამდე ექვსი მეტოქე დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქეთის წარმომადგენელს, ენვერ ილდირიმს ანგარიშით 15:8 სძლია და ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვა.

„ოლიმპიადის შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, ამ პერიოდში სამჯერ ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, მაგრამ მსოფლიო თასზე გამარჯვებას სხვა გემო და ფასი აქვს. რთული პერიოდის შემდეგ დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა. მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ საუკეთესო სპორტსმენებს შორის დამაჯერებლად გავიმარჯვე.

გახარებული ვარ, რადგან აქ ვარ და ჩემს საქმეს ხარისხიანად დავუბრუნდი. შემდეგი ტურნირი ევროპის ჩემპიონატია, რომელიც იტალიაში გაიმართება. ორი დღე დავისვენებ და შემდეგ შევეცდები, ევროპის ჩემპიონატზეც მოვიპოვო მორიგი ტიტული.

მალე ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი – მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც სულ რაღაც ორ თვეში საქართველოში ჩატარდება. ამ შეჯიბრებას განსაკუთრებული ყურადღებით დაველოდები“, – განაცხადა სანდრო ბაზაძემ.

კომენტარები