ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევა სკოლის მოსწავლეებში კიბერთავდასხმების და ონლაინ ძალადობის გამოცდილებას, მის გენდერულ განზომილებას და გავლენას ეხება. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 192 მოსწავლემ დასავლეთ საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან. შედეგები აჩვენებს, რომ მოსწავლეთა 25%-ს პირადად გამოუცდია ონლაინ ძალადობა. მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავებები იკვეთება ძალადობის ფორმებსა და ინტენსივობაში.
TikTok და Facebook არის ყველაზე გავრცელებული პლატფორმები, სადაც გოგონები ხვდებიან ძალადობას, ხოლო ბიჭები მსგავს გამოცდილებას ძირითადად ონლაინ თამაშებში აწყდებიან. ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია შეურაცხმყოფელი ჭორების გავრცელება, გარეგნობასთან დაკავშირებული დამცინავი კომენტარები და სექსუალური შევიწროება, რომელიც განსაკუთრებით ხშირია გოგონებში.
ონლაინ ძალადობას მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს მოსწავლეებზე. მათგან 77.6% განიცდის შფოთვას და დეპრესიას, 56.6% უქვეითდება თვითშეფასება, ხოლო 42.2% უჩნდება შიში ონლაინ აქტივობების მიმართ.
მოსწავლეთა უმეტესობა მხარდაჭერისთვის მეგობრებსა და მშობლებს მიმართავს, თუმცა 30% საერთოდ არ ეძებს დახმარებას, რაც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სტიგმას, სირცხვილის გრძნობას ან შესაბამისი დახმარების არქონას. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები ნაკლებად განიხილებიან, როგორც სანდო მხარდამჭერები. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ გოგონები უფრო ხშირად აწყდებიან მსხვერპლთა დადანაშაულების პრაქტიკას, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას.
კვლევის მიხედვით, კიბერთავდასხმების და ონლაინ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება მოითხოვს სისტემურ მიდგომას. აუცილებელია განათლების გაძლიერება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, მშობლებისა და პედაგოგების ჩართულობის გაზრდა, სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესება, რათა ონლაინ სივრცე მოსწავლეებისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს.
კვლევა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე – https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15550-2025-03-05-13-41-37
კომენტარები