მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სოფელში მერის წარმომადგენლები – ხალხის თუ სისტემის მსახური? – ხარაგაულის მაგალითი

სოფელში მერის წარმომადგენლები – ხალხის თუ სისტემის მსახური? – ხარაგაულის მაგალითი

იმერეთში 529 სოფელია. ჯამში, მერებს ამ სოფლებში 186 წარმომადგენელი ჰყავთ. თავის მხრივ, წარმომადგენლებს ჰყავთ ასისტენტები. იმერეთის სოფლებში მათი რიცხვი 278-ია. 10 მუნიციპალიტეტის სოფლებში მერიის წარმომადგენლების და მათი ასისტენტების ანაზღაურებაზე 2023 წელს 6.5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

სამტრედიისა და თერჯოლის მერიებმა ამ ხარჯებზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. მუნიციპალიტეტებში მერის წარმომადგენლის ხელფასი საშუალოდ  1 800 ლარია, მისი ასისტენტის კი – 900 ლარი.

იმერეთის სოფლებში ჩასულებს მოსახლეობა მუდმივად იმაზე შემოგვჩივის, რომ არ აქვთ გზა, წყალი, ბაღი, ტრანსპორტი და ა.შ. ამ მასალის მომზადებისას, ჯამში, 60-მდე ადამიანს ვესაუბრეთ სამი სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან: ხარაგაულიდან, ვანიდან და ჭიათურიდან.

ვეკითხებოდით, რამდენად კარგად მუშაობს მათი მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში და თუ ახსენდებათ რაიმე პრობლემა, რომელიც მისი მონაწილეობით გადაწყდა ამ ბოლო წლებში. უმეტესად ასეთი ვერაფერი გაიხსენეს. მეტიც, ხშირად ისიც კი არ იცოდნენ, მერის წარმომადგენელი მათ სოფელში ვინაა.

დღეს მოგიყვებით ხარაგაულის ამბავს

ხუნევი სოფელია ხარაგულის მუნიციპალიტეტში. ხარაგაულს კიდევ 77 სოფელი აქვს, რომელშიც მერს 20 წარმომადგენელი ჰყავს. ამ 20 წარმომადგენელს კი 28 ასისტენტი. მათ ხელფასებზე 2023 წელს 760 000 ლარი დაიხარჯა.

ხუნევი რიკოთზე გაკეთებულ ახალ მაგისტრალს ესაზღვრება. იქაურები დაგვიკავშირდნენ, ავტობანი რომ გაკეთდა, ჩვენ გარე სამყაროს მოვწყდითო, მოდით და ჩვენს გასაჭირზე დაწერეთო. ნოემბერში ჩასულებს სოფლის ცენტრში 50-მდე ადამიანი გველოდა.

ხუნევის მოსახლეობა

ხუნევში გზის პრობლემით შეწუხებული ხალხი

წელიწადზე მეტია, ადგილობრივები მაგისტრალთან პირდაპირ დამაკავშირებელი გზის მოწყობას ითხოვენ. ამბობენ, რომ ავტობანის მშენებლობის პერიოდში ასეთი გზა არსებობდა, ხოლო როცა სამუშაოები მორჩა, გაუქმდა.

სოფელს მერის წარმომადგენელი იმიტომ ჰყავს, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს და მერიას ინფორმაცია მიაწოდოს. “როცა არ უნდა დაურეკო წარმომადგენელს, არასდროს არ მოვა. ერთხელ არ მოსულა არავინ, მე დაგიდგებით გვერდშიო”, – შემოგვჩივლეს სოფლის ცენტრში შეკრებილებმა.

ამ სოფელში მერის წარმომადგენელი დავით ლომიძეა. მას ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 1 815 ლარს ვუხდით იმისთვის, რომ სოფლის მცხოვრებთა პრობლემები მოაგვაროს ან სულ მცირე, მერიამდე მაინც მიიტანოს მათი გასაჭირი.

დავით ლომიძეს ხუნევიდან, ხალხის თანდასწრებით დავურეკეთ. “მე სოფლის პრობლემები ვიცი კარგად, მაგრამ სოფელში არ ვარ ახლა. გასული ვარ სოფლიდან. ვერ გეტყვით ზუსტ დროს, [როდის დავბრუნდები]”. ვთხოვეთ, იქნებ ტელეფონით გაგვესაუბროთ და გვითხრათ რამე ამ ხალხის პრობლემაზეთქო. “საჭესთან ვარ, დრო არ მაქვს”, – მივიღეთ პასუხად და ზარიც გაითიშა.

იქვე ხალხმა გვითხრა, მართვის მოწმობა მაგას არ აქვს და ტარებაც არ იცის. საჭესთან რა უნდაო. დავით ლომიძესთან დაკავშირება ისევ ვცადეთ, დავურეკეთ, მაგრამ აღარ გვიპასუხა.

ხუნევიდან ხარაგაულის ცენტრში ჩავედით და ათ ადამიანს ვესაუბრეთ, შემთხვევით გამვლელებს. მათ ვეკითხებოდით, თუ იციან, ვინაა დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენელი და რა ინფორმაცია აქვთ მის საქმიანობაზე. წარმომადგენლის საქმიანობაზე არაფერი იცოდნენ.

ალექსანდრე ტაბატაძე დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენლად 2018 წლიდან მუშაობს. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1 815 ლარია.

ifact.ge

კომენტარები