ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს.
აღნიშნული რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაციისას ნათქვამი იყო, რომ სამუშაოები 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ამ დროისთვის კი, ბულვარი ისევ დროებითი თუნუქის ფირფიტებით არის შემოსაზღვრული და ადგილზე მხოლოდ რამდენიმე მუშა შეინიშნება.
ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია 2024 წლის დასაწყისში დაიწყო.
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, ასევე დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები.
ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობამ 14.9 მილიონი ლარით დააფინანსა. პარკი 1821 წელს გაშენდა და ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო.
კომენტარები