მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ტყე ეკუთვნის ხალხს და არა ერთ კაცს” – მორიგი საპროტესტო აქცია კურორტ საირმეში

“ტყე ეკუთვნის ხალხს და არა ერთ კაცს” – მორიგი საპროტესტო აქცია კურორტ საირმეში

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმეში მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივები სამონადირეო მეურნეობის ფუნქციონირებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ტყე ეკუთვნის ხალხს და არა ერთ ადამიანს.

“ვაპროტესტებთ საირმის სამონადირეო მეურნეობას, ადგილობრივების დევნას, სისხლის სამართლის მუხლით გვაქვს ბრალი წაყენებული, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დავარეგისტრირეთ მამაპაპისეული მიწები სრულიად კანონიერად, რის შემდეგაც ერთ-ერთ ჩვენგანთან მივიდა კურორტის უსაფრთხოების სამსახური და სთხოვა გაეყიდა მიწა, ეს იყო 2021 წელი, გელამ განაცხადა უარი, მალევე პროკურატურამ ჩვენზე აღძრა საქმე, რომ თითქოს ჩვენ მოვიტყუეთ, არ იყო ეს მიწა ჩვენი და საჯარო რეესტრი შევიყვანეთ შეცდომაში. გვედავებიან საბუთის გაყალბებას, როდესაც ერთი საბუთიც კი არ გვაქვს წარდგენილი, თვითონ მოიძიეს და დაარეგისტრირეს. სამი წელი აჭიანურებენ საქმეს.

მოხდა სამონადირეო მეურნეობის ლიზენციაზე გატანა, ადგილობრივებმა არაფერი ვიცოდით, ეს მოხდა არჩევნებიდან მალევე, მაშინ, როცა კანონი ითხოვს, რომ გადაწყვეტილებები ჩვენი მონაწილეობით უნდა იქნეს მიღებული”, – აცხადებს ადგილობრივი ვეხო მესხია.

თემურ კოხოძეს საირმის ტყე თითქმის მთლიანად, 13 202 ჰექტარი, ნახევარსაუკუნოვანი იჯარით გადაეცა. მის მფლობელობაში ჯერ კიდევ არ შედის ადგილობრივი მოსახლეობის პატარ-პატარა ნაკვეთები, რომლებიც პროკურატურის ზეწოლისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიუხედავად, არ დათმეს.

სისხლის სამართლის საქმე სულ 15 ოჯახის მიმართ აღიძრა. ყველა მათგანს თაღლითობას ედავებიან, რაზედაც სასჯელი 6-დან 9 წლამდე პატიმრობაა. პროკურატურის ზეწოლის შედეგად ექვსმა ბრალდებულმა არჩადენილი დანაშაული აღიარა. საპროცესო გარიგების შემდეგ მათ ნაკვეთები სახელმწიფოს დაუთმეს. ვინც ბრალს არ დაეთანხმა, მათ გირაო შეეფარდათ. ბრალდებული მესაკუთრეების ნაწილი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება კურორტ საირმის მფლობელის ინტერესებს ემსახურება.

“საირმეს რეკრეაციული ფერმის” ადმინისტრაცია საირმეში მიმდინარე აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სრული კანონის დაცვით გააგრძელებს ტყის დაცვას.

როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში აკრძალულია ტყეში ნადირობა, რაც ხელს უშლის ბრაკონიერობას და აღნიშნული პროტესტიც, სავარაუდოდ, სწორედ აქედან გამომდინარეობს.

“მოგეხსენებათ, რომ 2 დღეა, “კურორტ საირმეში“ აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები ტერიტორიაზე „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მოწყობას აპროტესტებენ.

მოგახსენებთ, რომ ინვესტორმა 2024 წლის 5 ნოემბერს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში უმაღლესი ფასის დაფიქსირების შედეგად გაიმარჯვა და შესაბამისი ლიცენზია მოიპოვა. შედეგად, აიღო ვალდებულება, დაიცვას და გაუფრთხილდეს ტერიტორიაზე არსებულ ფლორასა და ფაუნას. აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი, იზრუნოს იშვიათი სახეობის ცხოველებზე და ხელი შეუწყოს მათ გამრავლებას.

საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე “საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მოეწყობა. ინვესტორმა კომპანიამ აღნიშნული სივრცის სრულ მოვლა-პატრონობაზე აიღო პასუხისმგებლობა. პირველად ისტორიაში ტერიტორიაზე კავკასიურ კეთილშობილ ირემს და არჩვს გაამრავლებენ. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის გამრავლებაზეც იზრუნებს. პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

პროექტის ფარგლებში აკრძალულია ტყეში ნადირობა, რაც ხელს უშლის ბრაკონიერობას და აღნიშნული პროტესტიც, სავარაუდოდ, სწორედ აქედან გამომდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, უკვე მოხდა ტყეში გარეული ცხოველებისთვის საკვების შეტანა, რის შედეგადაც ტყეში უკვე გამოჩნდნენ გადაშენების პირას მყოფი ცხოველები.

მანამ, სანამ კანონის შესაბამისად, სრული წესების დაცვითა და გარემოს დაცვის ექსპერტების მიერ მომზადებული გეგმის მიხედვით, არ მოხდება ტერიტორიაზე გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება, აკრძალული იქნება ნადირობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე ამ ეტაპზე არცერთი კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი არ აღირიცხება. თუმცა, თუ სამომავლოდ, რომელიმე ადგილობრივი ამ ტერიტორიაზე არსებულ ნაკვეთს დაარეგისტრირებს, მოხდება „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიიდან მისი ამორიცხვა, რომ მათ შეძლონ საკუთარი ტერიტორიით სარგებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც ადგილობრივების სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, არცერთი ადგილობრივი არ გამოცხადდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მათი არგუმენტები არ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა დაუშვებლობის გამო. 

“საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ადმინისტრაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბრაკონიერობას და სრული კანონის დაცვით გააგრძელებს ტყის დაცვას.

აღსანიშნავია, რომ „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“, მიმდინარე წელს, უკვე მოხდა 700 000 ლარის ინვესტირება. დასაქმდა 6 რეინჯერი და 1 სპეციალისტი. ასევე მათ გადაეცათ მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, ბაგის ტიპის 2 ავტომობილი, 2 თოვლმავალი და 2 ცხენი.

პროექტის ფარგლებში უკვე დამონტაჟდა 25 ფოტოხაფანგი, რომელთა რაოდენობაც უახლოეს პერიოდში გასამმაგდება. მონიტორინგისთვის შეძენილია 1 მაღალი ხარისხის დრონი.

“საირმეს რეკრეაციული ფერმის“ პროექტის ფარგლებში, უკვე მოხდა მდინარე წაბლარასწყალის ერთ-ერთ შენაკადში წითელწინწკლებიანი კალმახის თვალის სტადიაზე არსებული 30 000 ქვირითის გაშვება”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები