ქართველი ემიგრანტები იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ქვეყანა დატოვეს.
“ინფო იმერეთის” კითხვის საპასუხოდ, ქართველი ემიგრანტები ძირითადად მიზეზებად მძიმე სოციალურ ფონს, ფინანსური და პოლიტიკური არასტაბილურობის განცდას, უსამართლობას და უკანონობას ასახელებენ.
“ქვეყანა იძულებით დავტოვე. მიზეზი იყო ოჯახური სირთულეები და ეკონომიკური საჭიროება. აბიტურიენტ შვილებს სწავლის გადასახადი სჭირდებოდათ, ოჯახის ერთიანი ბიუჯეტი კი ერთი ადამიანის ხელფასით უბრალოდ ვერ იფარებოდა. 40 წელს გადაცილებულს, ასაკის გამო ადგილობრივად სამსახურის შოვნა თითქმის შეუძლებელი გახდა. ამასთან ერთად, არც მომავალი ჩანდა. ემიგრაციაში წასვლა არასდროს არის მარტივი არჩევანი და მით უმეტეს – სასიხარულო. უბრალოდ, სხვა გზა აღარ დაგვრჩა”, – აცხადებს სოფიო ნიქაბაძე.
“ამ ეტაპზე ვიტყვი რომ შვილების გამო. მინდა ელემენტარული ჰქონდეთ. მე ფუფუნებას არ ვპირდები და არ ვაპირებ წლები გადავიხვეწო და ოჯახს მოვცილდე. მინდა შვილებს გავუკეთო ის, რაც მშობელს ევალება. თუმცა მერე ვფიქრობ, გათხოვილი რომ არ ვიყო თუ წამოვიდოდი ევროპაშითქო და ორი აზრი არაა, წამოვიდოდი! ჩემი თავისთვის. ჩემი კომფორტისთვის და კარგი მომავლისთვის. რომ ვთქვათ ფული ხომ არაა მთავარიო, მე ვიტყვი მთავარი არა, მაგრამ აუცილებელია”, – აცხადებს ხათუნა ტუკვაძე.
“უსამართლობა და უკანონობა ქვეყანაში, რეჟიმთან შეუგუებლობა და ამასთან ყველაფერთან ერთად ეკონომიკური სიდუხჭირე! მოკლედ, ქვეყნის ჩამპალმა მდგომარეობამ მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე”, – ამბობს ანა ასათიანი.
“მთავარი მიზეზი იყო რუსეთი და იმდროინდელი კრიმინალი, ბანკების ხელმძღვანელები და მთავრობა, ისინი ვინც ანაბრებიდან ბოლო პურის ფულიც კი მოგვპარა, დაგვცინა, ღირსება აგვხადა და ქვეყნიდან გაგვაქცია. არცერთ მთავრობას ემიგრანტებზე არ უფიქრია, დღემდე არჩევნებამდე ახსენდებათ, რომ იქ, სადღაც სამშობლოდან გაყრილი ქართველები რომ ცხოვრობენ. ყველა მთავრობა მეზიზღებით. არაფერი ემოციური ბმა ჩემი სამშობლოს გარდა, თქვენთან არ მაქვს. მე თქვენ გული ამომგლიჯეთ, ჩემი თბილისის, საქართველოს სახით. ვერც ღორი რუსი, და ვერც მოღალატე, ათასჯერ უფრო დამნაშავე საქართველოს ფულზე გამყიდველი, დამაქცევარი ქართველი, ჩემს ბებერ მუხას – საქართველოს ვერაფერს ვერ დააკლებთ. 32 წელი ვიცხოვრე საქართველოში, 32 ევროპაში და საქართველოში არაფერი არ შეცვლილა. მენტალობით ისევ ქურდები, კრიმინალები, ჩამშვებები და გამყიდველები დარჩით. მამებმა და ბაბუებმა ყველა სიბინძურე დაგანათლათ. ის 10% ისევ იბრძვის, იცის, რომ ეს ავაზაკები გასრისავენ, მაგრამ მაინც იბრძვის. არ შეგეშინდეს, უფალი გადაგარჩენს ჩემო შვილივით ტკბილო საქართველო!” – წერს ერთ-ერთი ემიგრანტი.
კომენტარები