მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

უშედეგო მკურნალობა იმერეთში “წაბლის კიბოს” წინააღმდეგ

უშედეგო მკურნალობა იმერეთში “წაბლის კიბოს” წინააღმდეგ

ერთი წლის წინ ტყიბულის მაღალმთიანი სოფლები მოვიარე, რომ ბუნებრივი აირის პრობლემა მომეკვლია. გზად, გამხმარი ტყის მასივი შევნიშნე და ადგილობრივებთან მოვიკითხე, ხომ არ იცით, რა ხეები ზიანდება ასე მასობრივად-თქო. სოფელში მითხრეს, ეგ წაბლია, ასე ნადგურდება წლებია და პატრონი არ ჰყავსო. იქვე შემომჩივლეს, რომ როცა წაბლი ჯანმრთელი იყო, აგროვებდნენ და ყიდდნენ, ახლა კი ეს მცირე შემოსავალი შემოაკლდათ.

დავინტერესდი, რა დაავადება შეეყარა წაბლს ისეთი, რომ წლებია, ვერავინ უმკურნალა. ან თუ უმკურნალა, რატომ არ გამოიღო შედეგი? მოვიძიე ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებები, წაბლის გავრცელების და დაზიანების არეალები, მისი მოჭრის და წამლობის სტატისტიკა, ამ სტატიაში კი მოკლედ მოგიყვებით, რატომ ვერ შველის მთავრობა იმერული წაბლის დაავადებას.

გამხმარი წაბლი და დაკარგული შემოსავალი 

23-24 იანვარს ზესტაფონის სოფლებში ავედით და ადგილობრივებთან წაბლის მდგომარეობა მოვიკითხეთ. გვითხრეს, რომ ბოლო წლებია ტყეში წაბლს ვეღარ აგროვებენ, რადგან დაზიანებული ხე ნაყოფს აღარ ისხამს. გაიხსენეს, რომ მსგავსი პრობლემა ადრეც ჰქონდათ, მაგრამ ასე მასშტაბურად არა. ისიც დაიჩივლეს – ძველად, წაბლზე კომუნისტები მაინც ზრუნავდნენ, ხან ვერტმფრენებით ასხამდნენ წამალს, ხან – სხლავდნენ და ტყეს კაფავდნენ, ახლა კი არავინ აქცევს ყურადღებასო.

“წაბლის მოსაგროვებლად დადის ყველა, ვისაც ფეხში ძალა აქვს, მაგრამ წელს ერთი კაკალი წაბლი არ იყო. ზემოდან, წვეროდან ხმება სუყველა… ჩვენს ტყეში 70 პროცენტი წაბლია და 5 წელზე მეტია არ აგვიბოჭია [შეგვიგროვებია]. არავინაა დაინტერესებული, არც გარემოს დაცვა ფიქრობს, რომ ტყეკაფი გააკეთოს და ის ბებერი ხეები გამოიტანოს. მასობრივად აქვს რაღაც დაავადება და ამ ბოლო დროს არავის არ მოუწამლია… რომ მოეწამლათ, გავიგებდით, აუცილებლად”, – გვიყვება დავით გაჩეჩილაძე, სოფელ კვალითიდან.

წაბლის მდგომარეობა მისმა თანასოფლელებმაც იმავენაირად აღწერეს. გიორგი ხუსკივაძის თქმით, ბოლო წლებში სიტუაცია გაურესებულია: “ვისაც არ უნდა შეეკითხოთ, ყველა გეტყვით, მასიურად ხმება. ბავშვობიდან დავდივარ ტყეში და სულაა ეს პრობლემა, მაგრამ იმატებს და იმატებს… ადრე უფრო არ იყო… ბოლო სამი წელია, ნაყოფიერება არის ნული საერთოდ და შეწამვლაზე არც გამიგია… ადრე იწამლებოდა ვერტმფრენითო…“.

“წაბლიდან ბალზე გადმოვიდა და გაახმო სულ. მერე ბალს გაუჩნდა ‘თითისსიმსხო’ მატლები შიგნით. ვინ გააკეთებს ახლა მაგ შეწამვლას? ადრე, კი მახსოვს ბაბუაჩემის ნათქვამი, კომუნისტები წამლავდნენო…. სადღა მოდის ახლა ნაყოფი? ხმება და ეგ არი… “, – გვითხრა ასევე კვალითელმა ჯაბა პაპიძემ.

ძლოურდანეთელი ლია გოგლიჩეც გვეუბნება, რომ წაბლის მოვლა-პატრონობაზე არაფერი სმენია: “წლების უკან დადიოდნენ მეხრეები, გზაც გაკაფული იყო, წაბლსაც ‘სხეპავდნენ’, რომ გაზრდილიყო, ახლა ამ ტერიტორიას ვინმე პატრონობდეს, ეს გამორიცხულია და თავისთავად გახმება”. წაბლი ხმება ზესტაფონის სხვა სოფლების ტყეშიც.

რას (არ)აკეთებს მთავრობა დაავადებული მცენარის გადასარჩენად? 

იმერეთში წაბლს აზიანებს ე.წ. წაბლის ქერქის კიბო (cryphonectria parasitica), რომელიც ერთგვარი სოკოვანი დაავადებაა. პარაზიტი სოკო (ასკომიცეტი) ხის ტანში ჯდება, ზოგჯერ მთელ მერქანს სარტყელისებურად ეკვრება და სპობს იმ ქსოვილს, რომელმაც მერქანში წყალი უნდა გაატაროს. სწორედ ეს იწვევს მცენარის ხმობას. იმერეთში ეს პრობლემა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ტყეების დიდი ნაწილი, ჯამში 37,6 ჰექტარ ტერიტორიაზე წაბლნარია.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, წაბლს “კიბო” პირველად 1938 წელს გამოვლინდა, ტყიბულის მიდამოებში, ამჯერად კი ყველაზე მეტად აზიანებს ზესტაფონის ტყის მასივებს, სადაც წაბლნარს 6 ჰექტარამდე ფართობი უჭირავს. ჩვენც ამიტომ გადავწყვიტეთ პრობლემა ზესტაფონის სოფლების მაგალითზე მოგვეყოლა.

როგორც სააგენტომ მოგვწერა, 2001-2003 წლებში შეისწავლეს წაბლის პათოლოგიები იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, შედეგად, დასახეს წაბლნარის აღდგენა-გაჯანსაღების ღონისძიებები და დაიწყეს სანიტარიული ჭრები.

2005-2011 წლებში ზესტაფონსა და ტყიბულში წაბლნარის აღდგება-გაჯანსაღების მიზნით სატყეო სააგენტო ქირაობდა შპს “დე ენდ ვე”-სა და შპს “„ვუდიმპექსს”. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად დახარჯული თანხის, დროის და ძალისხმევისა, სამუშაოებმა შედეგი არ გამოიღო.

“2013 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიცირებით განხორციელებული შესწავლის შედეგად (ა.შაინიძე) გამოვლინდა, რომ თითქმის 10-წლიანი ღონისძიებების გატარების მიუხედავად წაბლნარების სანიტარიული მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და პირიქით განიცდიდა რეგრესს, რაც გამოწვეული იყო დაავადებული წაბლნარი კორომების გაჯანსაღებისაკენ მიმართული სანიტარიული ჭრებისა და თანმდევი კომპლექსური ღონისძიებების არასრულყოფილად განხორციელებით”,- ვკითხულობთ “წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების პროგრამის” 2019-2021 წლების შემაჯამებელ ანგარიშში. საბოლოოდ, ხელშეკრულებები გაწყდა და სააგენტომ კომპანიებთან სასამართლო დავა მოიგო.

სატყეო სააგენტო რვა წლის თავზე მიხვდა, რომ მცენარის გადასარჩენად მხოლოდ სანიტარიული ჭრა კი არა, თანმიმდევრული, ლაბორატორიული კვლევები სჭირდებოდათ.

შედეგად, დაავადების სრულყოფილი კვლევა 2019 წელს დაიწყეს. არადა, იმერეთში “წაბლის კიბოს” არსებობა ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იცოდნენ.

2019-2021 წლებში მოწვეული ექსპერტების მიერ: ჩაატარეს სრულყოფილი სატყეო-პათოლოგიური კვლევები; აიღეს 500-მდე წაბლის ქერქის ნიმუში ჭიათურის, ზესტაფონის და ტყიბულის სოფლებში; შეხვდნენ მოსახლეობას, გამოუშვეს საინფორმაციო გზამკვლევები; ქერქიდან აღებული სოკოს ნიმუშები შეისწავლეს ევროპის ლაბორატორიებში; გაზარდეს სოკოსთან “მებრძოლი” ვირუსები; მონიშნეს 60-ზე მეტი ხე და დაიწყეს მათი მკურნალობა მონიტორინგის ქვეშ.

ახლა, სატყეო სააგენტო წაბლის დაავადებას ორი მეთოდით ებრძვის – სანიტარული ჭრა და ბიოლოგიური კონტროლი (ხელოვნური ვირუსით სოკოს გაქრობა)

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში წაბლნარების გაჯანსაღებასა და სანიტარულ ჭრებზე 3,9 მილიონი ლარი დახარჯეს (მათ შორის, მიზნობრივი გრანტი – 2,6 მილიონი, საკუთარი და საბიუჯეტო სახსრები – 1,3 მილიონი ლარი)

უცნობია, ამ თანხის რა ნაწილი დაიხარჯა ზესტაფონის წაბლნარზე. ეს ინფორმაცია ჩაშლილად არ მოგვაწოდეს, თუმცა ვიცით, რომ ბოლო ოთხ წელში ზესტაფონში, ბოსლევსა და საწაბლის ტყეებში 14 944 კუბური მეტრი ხე მოჭრეს.

თავიდან, 2019-2023 წლებში სააგენტო წაბლებს სანიტარულად თავად ჭრიდა, 2024 წლის მაისიდან კი ამისთვის შპს “ალვანი 2024-ს” ქირაობს. კომპანიას 1,7 მილიონი ლარის ხელშეკრულება 2025 წლის ბოლომდე გაუფორმეს და ამ თანხის სანაცვლოდ დაავალეს: ზესტაფონის სატყეო უბანში, კერძოდ, ბოსლევსა და საწაბლეში დაავადებული წაბლების სანიტარული ჭრა, მისი ტერიტორიიდან გატანა, ტრანსპორტირება, დასაწყობება, ხე-ტყის, საშეშე მერქნის და მორების დამზადება. ასევე, ტერიტორიის გასუფთავება ქვეტყისგან, ამ შემთხვევაში, შქერის ბუჩქებისგან.

ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ უკვე მოჭრილი დაავადებული ხეები ადგილზევე ნადგურდება. არადა, სწორედ ესაა პრობლემა, რამაც შესაძლოა სოკოვანი დაავადების არა თუ აღმოფხვრა, მისი ჯანმრთელ ხეებზე გავრცელებაც გამოიწვიოს.

“წაბლის მოჭრასაც თავისი წესები აქვს. თუ მოჭრი, იქვე უნდა დაიწვას. თუ გააქვთ სადმე, მთლად უარესი. არ არის ეფექტური”, – გვითხრა ბერიკა ბერიძემ, რომელიც ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, 2018-2019 წლებში იმერეთში ექსპედიციით იყო და დაავადებული წაბლნარი თავად ნახა. “მასივები მაქვს ნანახი, სულ ამომხმარია წაბლი, ბუნებიდან არის ამოვარდნილი. სატყეო სააგენტოში და გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ რაღაც ღონისძიებებს აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, არასაკმარისია. ეფექტური რომ იყოს, უფრო გაავრცლებდნენ ინფორმაციასაც”, – დაამატა ბიოლოგმა ჩვენთან საუბრისას.

შპს “ალვანი204-ის” ტენდერში ვიპოვეთ ერთი საინტერესო გარემოება: სატყეო სააგენტომ წაბლის ჭრაზე შესყიდვა 2024 წლის 11 აპრილს გამოაცხადა და წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყო. შპს “ალვანი 2024” კი რეესტრში არც მეტი არც ნაკლები, ერთი დღით ადრე, 7 მაისს დარეგისტრირდა. საინტერესოა, როგორ ანდეს მილიონიანი კონტრაქტი სრულიად გამოუცდელ და ახალბედა კომპანიას.

“1 დღის დარეგისტრირებული არ ყოფილა… საჯარო რეესტრში არ ვიცი ახლა… აღდგომის წინა დღეები იყო მე რომ დავაარსე, 10 დღეში იყო დაახლოებით ტენდერი, ვეცნობოდი მანამდე სატენდერო გვერდს, გადავხედე, ვათვალიერებდით, მე და ჩემი ოჯახის წევრები დაინტერესებული ვიყავით ამ სფეროთი, როგორც კი მომეცა საშუალება, დავარეგისტრირე შპს და მივიღე მონაწილეობა, რომლის დროსაც არ ითხოვდა გამოცდილებას. ამიტომ თავს უფლება მივეცი, რომ წარმოგვეჩინა ჩვენი შესაძლებლობები… დაკითხვა უფრო არის ეს, ვიდრე ჟურნალისტის შეკითხვები”, – გვითხრა კომპანიის დირექტორმა ნინო ამბროლაძემ. მისი თქმით, ახლა უამინდობის გამო გაჩერებულები არიან და “როგორც კი მდგრადი ამინდები წავა” განვაახლებთ სამუშაოებსო.

სატყეო სააგენტოშიც მოვიკითხეთ, როგორ ენდნენ სანიტარიულ ჭრებში აბსოლუტურად გამოუცდელ კომპანიას. იმერეთის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ დალაქიშვილმა ინტერვიუზე უარი გვითხრა და პრესსამსახურთან გადაგვამისამართა. პრესსამსახურმა კი ეს ერთადერთი შეკითხვა წერილობით გაგვაგზავნინა და პასუხისთვის 3-დღიანი ვადა ითხოვა. (თუ ინფორმაციას მოგვაწვდიან, სტატიას შესაბამისად განვაახლებთ)

სატყეო სააგენტო უბრალოდ დაავადებული ხეების ჭრის გარდა, კიბოს ბიოლოგიურადაც ებრძვის – ხის მერქანზე უსვამენ ხელოვნურად გამოყვანილ ვირუსს, რომელიც დროთა განმავლობაში სოკოს “ჭამს” და აქრობს.

“ამ წაბლის სოკოს რაც კლავს, არის თავისი ბუნებრივი მოწინააღმდეგე ვირუსი და ეს ვირუსი იქვე, ნიადაგში იზრდება. ნიადაგს ამუშავებენ და უსვამენ ჭრილობაზე”, – გვიხსნის ბიოლოგი ბერიკა ბერიძე. მეცნიერულად, ამ პროცესს ჰიპოვირულენტური იზოლატების გამრავლებას და ბუნებაში ჩასახლება/ჩათესვას უწოდებენ.

ამისთვის, სპეციალური შტამები შვეიცარიის და ავსტრიის ლაბორატორიაში გამოიყვანეს და ჩამოიტანეს. ეფექტიანი იქნება თუ არა ეს მეთოდი, უცნობია. სატყეო სააგენტო გვეუბნება, ამაზე პასუხი სამუშაოების დაწყებიდან ხუთ წელში, ანუ 2025 წლის ბოლოს გვეცოდინებაო.

“… ბიოლოგიური კონტროლის შედეგების მიღებას ხანგრძლივი პერიოდი (სულ მცირე 5 წელი) ესაჭიროება, შესაბამისად, ეფექტიანობის შესახებ საბოლოო შეფასებები სამომავლოდაა დაგეგმილი. თუმცა, პერიოდულად ხორციელდება კონკრეტული ღონისძიებების შუალედური შეფასებები და ზედამხედველობა…”

ჯერჯერობით, არ ვიცით, რას გააანალიზებს და დაასკვნის სატყეო სააგენტო “სამომავლოდ”. თუმცა, ფაქტია, იმერეთში “წაბლის კიბოსთან” ბრძოლა ხუთი წლის თავზეც უშედეგოა. ზესტაფონის წაბლნარში თუ გაისეირნებთ, ამას მარტივად მიხვდებით. ხეები ისევ გამხმარი და უნაყოფოა, რაც შორიდანაც აღიქმება, მწვანე ტყის მასივისგან განსხვავებული, მოყავისფრო ფერით. ჩვენ ეს ამბავი ზესტაფონის სოფლების მაგალითზე მოგიყევით, თუმცა სახარბიელო მდგომარეობა არც სხვა მუნიციპალიტეტებშია, მაგალითად, ხარაგაულში.

https://ifact.ge

 

კომენტარები