მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქართული ოცნება” ისეთ კანონებს იღებს, საკუთარ მიწა-წყალს ვეღარ დავიცავთ” – აქცია ქუთაისში

“ქართული ოცნება” ისეთ კანონებს იღებს, საკუთარ მიწა-წყალს ვეღარ დავიცავთ” – აქცია ქუთაისში

ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბესთან სხვადასხვა რეგიონის პროტესტის კერების წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ადგილზე იმყოფებიან რიონის ხეობის და ბალდის კანიონის მცველები, ასევე, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მიღებული კანონების შედეგად, შეკრების, გამოხატვის უფლება და საკუთარი მიწა-წყლის დაცვა იზღუდება.

“ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენ, თქვენთან ერთად, შევძელით ნამოხვანში, რაჭაში, ლეჩხუმში მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევა. მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, პროტესტის მშვიდობიანმა, კანონმორჩილმა ხასიათმა და ჩვენმა ერთობამ განაპირობა სახალხო პროტესტების სამი წარმატებული შედეგი, თუმცა, ბოლო დროს, კანონმდებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით იმდენად დამძიმდა, რომ პროტესტის ფორმები, რასაც ჩვენ აქამდე მივმართავდით, სისხლის სამართლით დასჯად დანაშაულად იქცა. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით გამართლდა და დაკანონდა მძიმე რეპრესიები, რაც თითქმის ორი წლის წინ დაიწყო, ბოლო თვეების განმავლობაში კი განსაკუთრებულ მასშტაბს მიაღწია.

ასეთ ვითარებაში შეუძლებელი ხდება პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა, აღარ რჩება მნიშვნელოვან საკითხებში ჩვენი საერთო, სახალხო მონაწილეობის თეორიული შესაძლებლობაც კი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები ახლაც იბრძვიან თავიანთი სოფლის, მიწა-წყლის დასაცავად, არაერთი უსამართლობის წინააღმდეგ. ვიცით, დღეს თუ ხვალ ჩვენც მოგვიწევს დავიცვათ, რისთვისაც ვიბრძოდით, დაკანონებული რეპრესია კი ყველას ერთად გვემუქრება”, – აცხადებენ შეკრების ორგანიზატორები.

“ქართული ოცნების” პარლამენტმა დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა გაამკაცრა. ცვლილებები შეიტანა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონსა და პოლიციის შესახებ კანონში. შეიცვალა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი და შემოიტანა სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ცნება, ასევე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ჯარიმები.

კომენტარები