მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

“ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა.

ახალ პრეზიდენტს 300 ხმოსანი 14 დეკემბერს აირჩევს, ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

კომენტარები