ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით შექსპირისადმი მიძღვნილი ერთთვიანი ფესტივალი დაიწყო.
როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, ფესტივალი მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს, რომლებიც არა მხოლოდ ხელს უწყობს შექსპირის მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, არამედ აღრმავებს ინგლისური ენის ცოდნას, ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას და ქმნის პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდები ერთობლივად ზეიმობენ ლიტერატურის, თეატრისა და კულტურის გავლენას თანამედროვე საზოგადოებაზე.
ფესტივალის ფარგლებში ზესტაფონის სახელმწიფო თეატრმა ინგლისური დეპარტამენტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის “ჰამლეტის” ღია რეპეტიცია მოაწყო.
ღია რეპეტიციის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ რეპეტიციის პროცესი, ასევე რამდენიმე სურათი სპექტაკლიდან, გაიმართა პანელური დისკუსია, სადაც განიხილეს გმირების ფსიქოტიპის შექმნის პროცესი, შექსპირულ გმირებთან მუშაობის სირთულეები და ზოგადად ლიტერატურულ ნაწარმოებებთან თეატრალური მიდგომების სპეციფიკა.
ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი და ინგლისური ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი ურთიერთთანამშრომლობას და საერთო პროექტების განხორციელებას სამომავლოდაც გეგმავს.
კომენტარები