ქუთაისის მერიას საახალწლო ნაძვის ხის ღონისძიებების გარეშე ანთებისკენ მოუწოდებენ.
ჯგუფის “ქუთაისი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქში მიმდინარე ყოველდღიური აქციების ფონზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება, საზეიმო ვითარებაში აანთოს ნაძვის ხე, აღქმული იქნება პროვოკაციად.
“ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქვეყანაში მიმდინარე რთული პოლიტიკური, კონსტიტუციური და მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისების ფონზე, 21 დეკემბერს ქალაქში ნაძვის ხის საზეიმო ანთება დააანონსა.
ეს მაშინ როცა, დედაქალაქში რეპრესიების, ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის შედეგად 500-მდე ადამიანია დაშავებული.
მოვუწოდებთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, იხელმძღვანელოს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით და ღონისძიებების გარეშე გაანათოს ნაძვის ხე.
ვინაიდან ცენტრალური მოედანი ახლოსაა ქუთაისის მერიის შენობასთან, სადაც ყოველდღე, უწყვეტად, რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის გამო იკრიბება ადამიანები, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება საზეიმო ვითარებაში აანთოს ნაძვის ხე, აღქმული იქნება პროვოკაციად, რომელიც საზოგადოების გაღიზიანებას ისახავს მიზნად.
მოვითხოვთ აანთოთ ნაძვის ხე ღონისძიების გამართვის გარეშე”, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები