მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მდებარე პარლამენტის უფუნქციო შენობის ფასადის განათებისთვის 8 მილიონის დახარჯვა იგეგმება

ქუთაისში მდებარე პარლამენტის უფუნქციო შენობის ფასადის განათებისთვის 8 მილიონის დახარჯვა იგეგმება

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ქ. ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) ფასადის მედია განათების (3D Mapping) პროექტირებისთვის შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ ტენდერი 1 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 17-22 აპრილის პერიოდში მოხდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი  7 967 000 ლარია.

როგორც ტექნიკურ დავალებაშია ნათქვამი, პროექტირება და მშენებლობა, მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით, არაუგვიანეს 2025 წლის 7 სექტემბრისა უნდა შესრულდეს.

საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში 2012 წლის ოქტომბერში გადავიდა და პარლამენტის შენობა ფაქტობრივად უფუნქციოდ დარჩა. 2018 წელს მთავრობა შენობის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას აპირებდა, 2019 წელს კი შენობის გაყიდვას ცდილობდა. 2024 წლის აგვისტოში მთავრობამ გამოსცა განკარგულება რომლის მიხედვითაც, ქუთაისის პარლამენტის შენობაში 2025 წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.

ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის მთავრობა 2 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. დირექტორი კი ირაკლი მუკნიაშვილი.

კომენტარები