მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

ქუთაისის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა.

ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის VII სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ის ასევე გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე იყო.

რევაზ მამასახლისის სახელი და გვარი თბილისში, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის  გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილების უფროსის მაშინდელი მოადგილე რევაზ მამასახლისი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხეს.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე საავადმყოფოში 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა. კერძოდ, სკოლის კედლების და ინვენტარის მოხატვის საქმეზე, გამომძიებელი ლუკა სირაძისგან ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ორთვიანი გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომა იკვეთება.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რევაზ მამასახლისი 2019 წლის 18 დეკემბერს დაკითხეს. დაკითხვიდან მალევე კი პოლიციელის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ  განაცხადა, რომ რევაზ მამასახლისი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის პოსტზე აღარ მუშაობს. უფლებადამცველმა განაცხადა ისიც, რომ  რევაზ მამასახლისი მოზარდის დაკითხვაში არ მონაწილეობდა.

კომენტარები