მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს”

“ქუთაისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს”

ქუთაისში სატრანსპორტო პრობლემებზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია საუბრობს.

ქუთაისის საკრებულოს წევრის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდი შუალედებით მოძრაობს, ასევე აუცილებელია არსებული მგზავრთა მოსაცდელების რეაბილიტაცია და ახლის დამატება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მოძრაობას.

“სამწუხაროდ, ქალაქ ქუთაისის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს. დღემდე, ყოველდღიურად მომმართავენ არაერთი გადაუჭრელი პრობლემის შესახებ.

ერთი სტატუსით ყველა პრობლემას ვერ შევეხებით, თუმცა თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო, რამდენიმე საკითხზე, რომლებიც მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ.

პირველ რიგში, ქალაქში ავტობუსები ძალიან დიდი შუალედებით მოძრაობენ. მოქალაქეებს ხშირად 40-60 წუთი უწევთ ლოდინი. აუცილებელია ახალი, ევროპული სტანდარტების მაღალი ტევადობის ავტობუსების დამატება.

ამასთან, ზოგიერთი ქუჩა და უბანი ნაწილობრივ ან მთლიანად მოწყვეტილია სატრანსპორტო სისტემას. დასამატებელია ახალი ხაზები, რომლებიც უკეთ მოიცავს ქუთაისის მთლიან ტერიტორიას და სხვადასხვა უბნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ამასთან, აუცილებელია ახალი ავტობუსის გაჩერებების დამატება და უკვე არსებულის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგება.

დიდ პრობლემას წარმოადგენს ღამის საათებში გადაადგილებაც. 22:00 საათის შემდეგ ტრანსპორტი თითქმის აღარ მოძრაობს.

ასევე, ხშირად გვესმის, თუ როგორ წყვეტენ მძღოლები რეისებს თვითნებურად, არ მიყვებიან განრიგს და უგულებელყოფენ მგზავრების უსაფრთხოებას. აუცილებელია, ტრანსპორტის მძღოლების გადამზადება და უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების დაწესება.

გაუმართავი საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა აფერხებს ქალაქის ურბანულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირდაპირ ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე.

არსებული გამოწვევების მოგვარებას, არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პოლიტიკური ნებაც სჭირდება. იმედი მაქვს, ადგილობრივი ხელისუფლება გაითვალისწინებს მოსახლეობის წუხილს და მეტად აქტიურად ეცდება ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას”, – წერს სოციალურ ქსელში ელეონორა არჩაია.

კომენტარები