ქუთაისის “ტორპედომ” კიდევ ორი ლეგიონერი დაიმატა – 27 წლის პორტუგალიელი მარცხენა მცველი ჟორჟინიო არაუჟო და 30 წლის სერბი თავდამსხმელი კომნენ ანდრიჩი.
ჟორჟინიო პორტუგალიური გრანდის, „ბენფიკას“ აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია. 2020 წლის შემდეგ გამოდიოდა „ფამალიკაოში“, კოვილიანის “სპორტინგში“, 2023 წლის სეზონი „ილვესში“ გაატარა, სადაც ფინეთის თასი მოიპოვა. „ტორპედოს“ კი ჩეხური პრაღის „დუკლადან“ შეუერთდა.
30 წლის გამოცდილმა თავდამსხმელმა, კომნენ ანდრიჩმა კარიერა სერბულ „რადნიჩკიში“ დაიწყო. 2016 წელს პორტუგალიურ „ბელენენსიში“ გადავიდა. 3 წლის შემდეგ ზაგრების „დინამოს“ მაისური მოირგო, რომლის ფორმითაც სამჯერ გახდა ხორვატიის ჩემპიონი, ერთხელ – თასის მფლობელი. 2022 წელს კომნენი საფრანგეთის ლიგა 1-ის „კლერმონში“ მიიწვიეს. მერე იყო ისევ ხორვატია, „რიეკა“.
ორივე ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდთან ერთად კონფერენსლიგისთვის მზადებას შეუდგნენ. „ტორპედოს“ პრესსამსახურის ცნობით, ჟორჟინიოსთან 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ხოლო სერბი ფეხბურთელი გუნდს „რიეკიდან“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. იჯარის დასრულების შემდეგ კი 2 წლით „ტორპედოს“ სრულფასოვანი წევრი გახდება.
კონფერენსლიგაზე ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „ორდაბასს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 10 ივლისს „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართება.
კომენტარები