ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, დამატებითი სამუშაოების გამო, ივნისის მეორე ნახევარში დასრულდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნით, პროექტს დაემატა ახალი კომპონენტები: პარკის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეს საფეხმავლო ბილიკების განახლება და ნიკო ნიკოლაძის ბიუსტისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა. აღნიშნული ცვლილებების გამო, სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა და პარკი, განახლებული სახით, ივნისის მეორე ნახევარში გაიხსნება.
მისივე ცნობით, ამ დროსთვის, შესრულებულია პროექტით დაგეგმილი სამუშაოების 90%.
უკვე დასრულებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლება, სადრენაჟე და ავტომატური სარწყავი სისტემის მოწყობა, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟი, შადრევნების განახლება და ახლის მოწყობა, ბილიკებისა და ბორდიურების მოპირკეთება, ისტორიული კოლონადების და ინფრასტრუქტურის რესტავრაცია, მედიათეკის მოწყობა და დამატებითი გამწვანება დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად. ასევე, პარკის ქვედა ნაწილში უკვე შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონა – “ვარდების ხეივანი“.
ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
კომენტარები