მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ციხეში პატიმარი ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს

ქუთაისის ციხეში პატიმარი ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს

ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი უკვე ორი კვირაა, შიმშილობს. მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან ღია ტიპის საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს, მაგრამ ციხის ადმინისტრაცია უარზეა.

მამაკაცს, რომელიც საპატიმროს მარკეტში მუშაობს, ეუბნებიან, რომ მისი შემცვლელი არ ჰყავთ და ამიტომ ვერ გადაიყვანენ შედარებით უკეთეს პირობებში – გეგუთის ციხეში.

პატიმრის ოჯახის წევრებმა მედიას მას შემდეგ მიმართეს, რაც მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად დამძიმდა.

“სულ გვეუბნებიან იმას, რომ კი, გადავიყვანთ. საბოლოო ჯამში, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავის გადაჰყავს და ამიტომ შიმშილობა დაიწყო და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არც სახალხო დამცველი, არც არავინ… ჯერჯერობით არავინაა შესული. შველას ვითხოვთ, ხომ უნდა იყოს რაღაცა საშველი, რომ გადაგვიყვანონ მაინც. დახურულში უკვე 9 წელია რომ ზის და 9 წლის განმავლობაში იმდენი იყო შეპირება, ახლა არჩევნები იწყება, დაგვეხმარე.

თავისუფლად შეიძლება განცხადება დაწერო და ერთი ციხიდან მეორეში გადაიყვანონ. კარგად იქცევა, მუშაობს მანდ და ყველაფერი კარგი აქვს. შენ აქ გვჭირდებიო. გასაგებია, მაგრამ ოჯახსაც ხომ გვჭირდება. ხალხი კლავს, აუპატიურებენ, იმათ არ აძლევენ ამდენ წელს, ამას რომ აქვს.

ამ დილით რომ დამირეკა, ახლაც აღელვებული ვარ, ვინაიდან ძალიან ცუდადაა. უძლურია უკვე ადამიანი, რამდენი დღეა, შიმშილობს. მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული. მე მინდა, მივმართო ქუთაისის მეორე დაწესებულების უფროსს გოჩა კანდელაკს, რომ რეაგირება მოახდინოს და გადაიყვანოს ლევან ნოდია მე-1 დაწესებულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეც ვუერთდები ჩემს ძმას და ვუცხადებ სოლიდარობას. ორშაბათს დილიდან მეც მეორე დაწესებულების ეზოდან მეც ვაცხადებ მშრალ შიმშილობას”, – აცხადებს ლევან ნოდიას ძმა.

პატიმრის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ომბუდსმენიც, თუმცა ის ამ დრომდე ლევან ნოდიას მოსანახულებლად არ შესულა.

 

კომენტარები