ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ელეონორა არჩაია აკრიტიკებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც მოსახლეობის წინაშეა.
ელეონორა არჩაიას თქმით, ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ხარჯები საგრძნობლად არის შემცირებული.
“ქუთაისის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი სერიოზულ კრიტიკას იმსახურებს, რადგან ის ვერ პასუხობს ქალაქის სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ გამოწვევებს. პრიორიტეტი ისევ ადმინისტრაციულ ხარჯებს და არამიზნობრივ პროექტებს ენიჭება, რაც ბიუჯეტის თითქმის ნახევარია მაშინ, როცა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის ბიუჯეტის 10%-ზე ნაკლებია გამოყოფილი. ეს მნიშვნელოვანი დისბალანსია, რაც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სასიცოცხლო საჭიროებებს უგულებელყოფს.
საგანგაშოა, რომ ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ხარჯები საგრძნობლად არის შემცირებული. მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის თანახმად, მინიმალურამდეა დაყვანილი სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობა, მრავალსართულიანი სახლების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და სხვა არაერთი მსგავსი პროექტი, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. წარმოდგენილი ბიუჯეტის თანახმად, ასევე მცირდება რიგი სოციალური პროექტებისთვის განკუთვნილი თანხები.
მიუხედავად ბიუროკრატიული ხარჯების ზრდისა, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საჭიროებები ბიუჯეტში სათანადოდ არ არის გათვალისწინებული. იმედი მაქვს, საკრებულო მერიის მიერ ამ ფორმით წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს არ დაამტკიცებს. საჭიროა, ბიუჯეტის ძირეული გადახედვა და ქალაქისთვის პრიორიტეტული პროექტების დაფინანსება, რათა ქუთაისის მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები ეფექტურად გადაიჭრას.
მოგეხსენებათ, აქტიურად ვიქნები ჩართული ბიუჯეტის განხილვის პროცესში და ყველა იმ პრობლემურ საკითხს დავაყენებ, რაზეც აქამდეც ბევრჯერ მისაუბრია. თუმცა, წელს მინდა გამოვიყენო შანსი და ქალაქის მოსახლეობას პირადად გკითხოთ თუ რა გაწუხებთ და რა არის თქვენთვის ის პრობლემა, რაც სასწრაფო გადაწყვეტას საჭიროებს. გულდასმით მოვისმენ თქვენს წინადადებებს და შეძლებისდაგვარად გავაჟღერებ საკრებულოში!”, – წერს ელეონორა არჩაია.
კომენტარები