ქუთაისის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N3 სამუსიკო სკოლის 70 წლის იუბილეზე ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში აღნიშნულ სასწავლებელში საქმიანობდნენ, არ დაპატიჟეს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გამოიცა წიგნი, რომლის წარდგენაც სკოლის დარბაზში მოეწყო.
ღონისძიებაზე მიწვეულებს შორის არ იყო ღირსების ორდენოსანი, ღვაწლმოსილი პედაგოგი მზია ესაძე, რომელმაც პედაგოგიურ საქმიანობას თითქმის 60 წელი მიუძღვნა.
“70 წლის იუბილეს ვულოცავ მე-3 სამუსიკო სკოლას, სადაც ეს მნიშვნელოვანი თარიღი გრანდიოზულად აღინიშნა და წიგნიც გამოიცა. იცით? ღონისძიებაზე მიწვეული არ იყო დედა, ღირსების ორდენოსანი, ღვაწლმოსილი პედაგოგი მზია ესაძე, რომელმაც ამ მუსიკალურს და აქ თაობების აღზრდას მიუძღვნა მთელი ცხოვრება. 19 წლის იყო მესამე სამუსიკო სკოლაში რომ მივიდა, ახლა კი 78 წლისაა, ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს და მისცეს ჩვენს საზოგადოებას მისი დონის პროფესიონალები.
მინდა ვკითხო მუსიკალურის კოლექტივს, რომელთა უმეტესობასაც ძალიან კარგად ვიცნობ, როგორც უფროს, ისე ახალგაზრდა თაობას, არავის გაგიჩნდათ კითხვა, ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე რატომ არ იყო მზია ესაძე, თქვენი კოლეგა, თქვენი მეგობარი, თქვენი მასწავლებელი, თქვენი აღმზრდელი?! თუ სიტყვის თავისუფლება წაგართვათ ვინმემ? თუ თევზივით პირში წყლის დაგუბება ძალიან კომფორტულია?
მუსიკალურის ადმინისტრაციას ვერაფერს მოვთხოვ, იქ დაივიწყეს კი არა, უბრალოდ არ იციან რა არის ღირსეული და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასება და პატივისცემა. შეურაცხყოფა და დამცირება კი, სამწუხაროდ…
რაც შეეხება წიგნს, აუცილებლად ვნახავ”, – წერს პედაგოგის შვილი თათია ახვლედიანი სოციალურ ქსელში.
კომენტარები