მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა ქალაქს 140 000 ლარამდე დაუჯდება

ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა ქალაქს 140 000 ლარამდე დაუჯდება

ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი დღესასწაულისთვის ტენდერები გამოაცხადა.

ორ მაისს, ქუთაისქალქობის მთავარი ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და  ახლად რეაბილიტირებულ ბულვარში გაიმართება.  ქუთაისის მერიამ 2 ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულება ჯამში 140 000 ლარამდე  იქნება.

პირველი ტენდერის მიხედვით, 32 000 ლარამდე დაიხარჯება საკონცერტო სცენის, გახმოვანების აპარატურისა და მხატვრული განათებით მომსახურებაზე.  107 000 ლარი კი  ღონისძიების ორგანიზებაში, გაფორმებასა და მასში ჩართული პირების ხელფასებში გაიწერება.

ქუთაისის მერია ითხოვს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საღამოს გალა კონცერტის წამყვანად, აუცილებლად კაცი უნდა შეარჩიოს, რომლის ასაკიც 22-დან 40 წლამდე ექნება, შუადღის წამყვანის  ასაკსა და სქესზე კი განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვთ.

ამ თანხაში შემდეგი მომსახურებებია გათვალისწინებული:

რეჟისორის მომსახურება – რეჟისორმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების ყველა კომპონენტის დაგეგმვა, კოორდინაცია და მართვა შემსყიდველთან შეთანხმებით;

დიზაინერის მომსახურება – დიზაინერმა უნდა გასწიოს დიზაინით მომსახურება შემსყიდველთან შეთანხმებით;

მსახიობთა დასი – იგეგმება მსახიობთა დასის მსვლელობა თემატური კოსტიუმებით. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მსახიობებმა უნდა განასახიერონ XIX და XX საუკუნეების სალონური სცენები, ასევე პერსონაჟები: აკაკი წერეთელი, ვასილ ამაშუკელი, პეტრე ოცხელი, მიტროფანე ლაღიძე, დები იშხნელები, ფოტოგრაფი ილო, ცისფერყანწელები (თემატიკა, ჩაცმულობა და დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით);

ფაეტონი – ღონისძიებაზე იქნება სარიტუალო დანიშნულების სამგზავრო ღია ეტლი, რომელსაც ექნება გადასახსნელი თავი. ეტლში შებმული უნდა იყოს ორი ცხენი (ჰიგიენურად მოწესრიგებული);

დღის კონცერტის წამყვანის მომსახურება – სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წამყვანის მოწვევა, რომელსაც ექნება მსგავსი ღონისძიების წაყვანის გამოცდილება, წაიყვანოს კონცერტი, წაიკითხოს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (მომსახურების ხანგრძლივობა არანაკლებ 120 წთ);

გალაკონცერტის წამყვანის მომსახურება – მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წამყვანის მოწვევა, რომელსაც ექნება მსგავსი ღონისძიების წაყვანის გამოცდილება (1 მამაკაცი 20-დან 40 წლამდე). წამყვანმა აქტიურად უნდა იმუშაოს სცენაზე, წაიყვანოს კონცერტი, წაიკითხოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (მომსახურების ხანგრძლივობა არანაკლებ 150 წთ);

დიდი ზომის სარკე – სარკეზე უნდა იყოს წარწერა: ქუთაისობა 2025. კონსტრუქცია გაფორმებული უნდა იყოს გვირილებითა და ხელოვნური მწვანე ფერის მცენარეებით. ასევე პუფები;

ყვავილების ხეივანი –  ხეივანი გაფორმებული უნდა იყოს ყვავილებით, მასზე მყარი გამჭვირვალე საკიდით ჩამოკიდებული უნდა იყოს სხვადასხვა სახის, ფორმისა და ზომის ხელოვნური ყვავილები. ხეივანი გაფორმებული უნდა იყოს თბილი ნათების “სტრინგებით“, რომელსაც ექნება შავი კაბელი;

ვინტაჟური ავტომობილი – გაფორმებული უნდა იყოს სხვადასხვა სახისა და ზომის ბუნებრივი და ხელოვნური ყვავილებითა და მწვანე ფერის მცენარეებით;

ბურთები – სხვადასხვა ზომისა და ფერის, სარკისებური და საპნის ბუშტების ეფექტის მქონე (ფერადი გრადაციებით) გასაბერი, მრავალჯერადი გამოყენების ბურთები, რომელიც უნდა განთავსდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ ლოკაციაზე;

საბაგიროს ფორმის ფოტო ჯიხური – 1 წითელი და 1 ყვითელი ფერის.

მეწარმის დახლები – ხის კონსტრუქციის 30 ცალი მეწარმის დახლი, რომელიც უნდა იყოს გაფორმებული სხვადასხვა სახის ხელოვნური ყვავილების გირლანდით;

ქოხები – უნდა იყოს გაფორმებული გირლიანდით და სხვადასხვა სახის ხელოვნური ყვავილებით. ქოხზე უნდა განთავსდეს იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების დასახელებები;

ცოცხალი გვირილების კონა და ცოცხალი გვირილის დაწნული გვირგვინები;

ანიმაციური გმირები – კოსტიუმირებული მსახიობების მომსახურება, რომლებიც განასახიერებენ პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟებს (არანაკლებ 10 ანიმაციური გმირისა);

პერფორმანსი – მსახიობების მსვლელობა ოჩოფეხებზე, კოსტიუმები და დიზაინი გვირილის თემატიკის;

საბავშვო კუთხის მოწყობა – სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი, ეკოლოგიურად სუფთა მასალით დამზადებული სახატავი და საძერწი საშუალებების მოწოდება, არანაკლებ 100 ბავშვისათვის, შესაბამისი რაოდენობის მაგიდებითა და სკამებით;

სახეზე მოხატვა – სპეციალური საღებავებით, ფუნჯებით, წყლით, მაგიდით, სკამით შემდგარი, არანაკლებ 2 კომპლექტით და 2 მხატვარით უზრუნველყოფა (12 საათიდან–19 საათამდე);

გიმნაზიელი გოგონები – გიმნაზიელი გოგონების მსვლელობა და გვირილების დარიგება;

გვირილიანი ალმები – ტერიტორიის მორთვა ალმებით, თოკზე დასაკიდი, წყალგამძლე ქსოვილის, ოთხკუთხა, ფერადი, გვირილის ნახატით;

ტრანსპორტირება – ქალაქის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას დასაწყობებული ინვენტარის ტრანსპორტირება და ღონისძიების დასრულების შემდეგ ინვენტარის საწყის ლოკაციაზე დაბრუნება. ღონისძიების მსვლელობის დროს (მინიმუმ 1 სატვირთო ავტომანქანა);

რეკვიზიტები – სალონური წარმოდგენისთვის: ვინტაჟური ხის მრგვალი მაგიდა -1 ცალი, ხის სკამი – 4 ცალი, მაგიდის მაქმანებიანი საფარი -1 ცალი. მაგიდაზე უნდა იდგეს სხვადასხვა სახის ცოცხალი ყვავილების კალათი -1 ცალი;

ტექნიკური პერსონალის მომსახურება – შესაბამისი სპეციალისტების მომსახურება (არანაკლებ 20 პირი) შემსყიდველის მიერ მითითებულ ლოკაციებზე 1, 2 და 3 მაისს.

კომენტარები