მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში მოკლული ხელოსნის 74 წლის მამა დახმარებას ითხოვს – ოჯახი ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულს მფარველობენ

ქუთაისში მოკლული ხელოსნის 74 წლის მამა დახმარებას ითხოვს – ოჯახი ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულს მფარველობენ

ქუთაისში მოკლული გელა ხურციძის 74 წლის მამა დახმარებას ითხოვს – საუბარია, 2024 წლის 29 იანვარს, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ დანაშაულზე, რა დროსაც 49 წლის კაცი კამერების წინ მოკლეს.

“შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული სათვალთვალო  კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ იმ დღეს,  49 წლის გელა ხურციძემ მეგობარი დედასთან ერთად ერთ-ერთ  სუპერმარკეტში მიიყვანა. 49 წლის ხელოსანი უკვე სახლში დაბრუნებას აპირებდა და მეგობარს ემშვიდობებოდა, როდესაც მოულოდნელად  გზის მეორე მხარეს გაჩერებული ავტომობილიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვიდა, ქუჩა სირბილით გადმოკვეთა და ხელოსანს მიუახლოვდა.

აქ კამერის ერთი ჩანაწერი წყდება, თუმცა 49 წლის ხელოსნის უმოწყალო ცემის კადრები ქუჩაში დამონტაჟებულმა კიდევ ერთმა სათვალთვალო კამერამ შემთხვევით გადაიღო.

კადრები მაღალი გარჩევადობის არ არის, მაგრამ  ჩანს, რომ თავდამსხმელი გელა ხურციძეს თავს ზურგიდან ესხმის, მიწაზე აგდებს და რამდენიმე წუთის განმავლობაში სცემს. სავარაუდო მკვლელის გაჩერებას თვითმხილველები ცდილობენ, თუმცა ვერ ახერხებენ.

აღმაშენებლის გამზირზე მისულ პოლიციას და სასწრაფო დახმარების ექიმებს 49 წლის ხელოსანი მძიმე მდგომარეობაში, სავარაუდო დამნაშავე კი გაქცეული დახვდათ. გელა ხურციძე კლინიკაში გარდაიცვალა.

საზარელი დანაშაულიდან რამდენიმე  საათში, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, გელა ხურციძის მეგობრის შვილი, მორაგბე ზურა ხუციძე დააკავეს.

21 წლის სპორტსმენმა დანაშაული აღიარა, პროკურატურამ კი სასამართლოს მისთვის პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისად არ ჩათვლა და მორაგბე გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან  გაათავისუფლა.

ნიკოლოზ მარგველაშვილის გადაწყვეტილება გაუგებარი და მიუღებელი  აღმოჩნდა პროკურატურისთვისაც. სახელმწიფო ბრალდებამ გადაწყვეტილება  აპელაციაში გაასაჩივრა და მეორე ინსტანციის სასამართლოს მორაგბის დაკავების მოთხოვნით მიმართა.

49 წლის ხელოსნის მკვლელობის საქმე განსახილველად მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილს დაეწერა. ოქროპირაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის საქმე წარმოებაში არ მიიღო და ჟურნალისტი 7-წლიანი მუხლით პოლიციელისთვის  სილის გაწვნის გამო ციხეში დატოვა.

მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ოქროპირაშვილმა გადაწყვეტილება, ვიღაცის მითითებით ან ჩარევით მიიღო და მძიმე დანაშაულში ბრალდებული თავისუფლებაზე დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ტრაგედიიდან  რამდენიმე თვეში, გულის შეტევა მოკლული შვილის საქმის სასამართლო განხილვის  დროს სასამართლო დარბაზში მოუვიდა მოკლულის დედასაც, რომელიც საბოლოოდ გარდაიცვალა.

სასტიკი მკვლელობის საქმეზე ვერდიქტი საბოლოოდ ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოაცხადონ.

კომენტარები