ქუთაისში ტურისტების რაოდენობის მკვეთრ შემცირებაზე ბრენდული სასტუმროების წარმომადგენლები საუბრობენ.
ჰოტელიერი მაიკო მურაჩაშვილი BMG-სთან საუბრისას ამბობს, რომ West Inn Georgia – Kutais-ში წინა წლისგან განსხვავებით ტურისტების რაოდენობა შემცირებულია.
ადმინისტრაციის თქმით, სასტუმროს არ აქვს ჯავშნები კონფერენციებზე თუ სპორტული ჯგუფებისგან, საოპერაციო ხარჯების დაფარვას ვერ ახერხებს და დამფუძნებლების დონაციაზეა გადასული.
“გასულ წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობაც შემცირებულია და ADR-იც. ქუთაისის სასტუმრო უკვე დეკემბრიდან გვყავს გადაყვანილი დამფუძნებლების დონაციაზე, ასე ვთქვათ ხელოვნურ სუნთქვაზე გვყავს. ჩვენს სასტუმროს 200 დელეგატზე გათვლილი საკონფერენციო სივრცე აქვს. შარშან, დეკემბერში, იანვარში, თებერვალში და მარტშიც, ანუ დაბალ სეზონზე, ძალიან კარგად ვიმუშავეთ. ამ პერიოდში მაღალ შემოსავალს ნამდვილად არ ველით ხოლმე, მაქსიმუმი მიღწევაა საოპერაციო ხარჯების დაფარვა და გასულ წელს სასტუმრო თავის საოპერაციო ხარჯებს ისტუმრებდა. გვქონდა კონფერენციები განთავსებით, ფედერაციები, სპორტული ჯგუფები და ამ მიმართულებით ვიმუშავეთ. რიგი პარტნიორი კომპანიები გვეუბნებიან, რომ კონფერენციებს მარტიდან დაიწყებენ“,- აცხადებს მაიკო მურაჩაშვილი.
ჰოტელიერი ქვეყანაში სტაბილურობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ეს ფაქტორი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
ამასთან, მაიკო მურაჩაშვილის თქმით, არსებული ჯავშნების გათვალისწინებით, პოზიტიური მოლოდინები არ აქვს.
კომენტარები