“შალომ ჩემო ქალაქო“ – ასე ჰქვია ჟურნალისტისა და მწერლის ნანული ცხვედიანის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა.
წიგნის წარდგენას იმერეთში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მწერლის მეგობრები და საზოგადოების კარგად ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ.
“სათაურის მიხედვითაც მიხვდება მკითხველი, რომ ჩემი წიგნი ეხება ქართველ ებრაელობას და კონკრეტულად ქუთაისელ ებრაელებს. ადამიანები, რომლებიც ამ წიგნში მოხვდნენ, სხვადასხვა დროს იყვნენ, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის დროს, ჩემი რესპონდენტები. მე მათზე პორტრეტები და რეპორტაჟები მქონდა გაკეთებული. ჩემს წიგნში იპოვით ჩიტო ბუზიაშვილს, დანიელ ხანანშვილს, როზა თავდირიშვილს გენიალურ ეთნოგრაფს, მხატვარ და-ძმას მაყვალა და მურმან ფიჩხაძეებს, პროფესორ რაფიელ შაველაშვილს, ილო ფოტოგრაფს, შალიკო ფოტოგრაფს, მანანა არონაშვილს. თუ კი ამ წიგნს რაიმე წარმატება ექნება, ეს ამ წიგნში მოხვედრილი ადამიანების დამსახურება იქნება”, – ამბობს ნანული ცხვედიანი.
ჟურნალისტი და მწერალი ნანული ცხვედიანი 6 წიგნის ავტორი და ქუთაისის საპატიო მოქალაქეა.
კომენტარები