ქუთაისში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.
61 დღეა, სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ხელახალ არჩევნებს და აქციებზე უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
შეკრებილები კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ მზია ამაღლობელის შიმშილობის ფაქტს და განაცხადეს, რომ რეჟიმი საფრთხის ქვეშ აყენებს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის სიცოცხლეს და რეაგირებაა საჭირო.
მათივე თქმით, რეჟიმის 53-ვე ტყვე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და ხელახალი არჩევნები დაინიშნოს, რადგან “ოცნებამ” ისედაც ბევრი დრო დააკარგვინა ქვეყანას.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები