მიმდინარე წლის აპრილში ქუთაისში გამოიცა წიგნი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უახლესი ისტორიის შესახებ: “ნარკვევები საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიიდან (XX საუკუნის უკანასკნელი ოცწლეული და XXI საუკუნის პირველი ოცწლეული)“.
წიგნის ავტორია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის წევრი, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი, მოწვ. პროფესორი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.
წიგნის რედაქტორია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
წიგნი დაკაბადონდა და დაიბეჭდა ქუთაისის შპს “ხომლი ენ“ სტამბაში.
მონოგრაფიაში გამოყენებულია დოკუმენტური მასალები: საქართველოს ეროვნული არქივიდან, საქართველოს საპატრიარქოს არქივიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან, ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან, სხვადასხვა პირის კერძო არქივებიდან. ასევე გამოყენებულია ცნობები ისტორიოგრაფიული და პერიოდული სხვადასხვა გამოცემიდან.
მონოგრაფიაში გამოყენებული საარქივო დოკუმენტური და სხვა მასალების უმრავლესობა პირველად ქვეყნდება და შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.
წიგნში წარმოდგენილია საისტორიო კვლევა-ნარკვევები სხვადასხვა საკვანძო ფაქტისა და საკითხის შესახებ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის დასახელებული პერიოდიდან.
მონოგრაფიას დართული აქვს რეზიუმე ინგლისურ ენაზე. გამოცემა მოიცავს 304 ნაბეჭდ გვერდს.
მონოგრაფია საინტერესოა საქართველოს ისტორიისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის, ასევე დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.
წიგნი რეალიზაცია-გაყიდვაში 2025 წლის მაისიდან იქნება.
ხსენებული წიგნის ავტორის, ისტორიის დოქტორის, მოწვ. პროფესორ ლაშა დეისაძე-შარვაშიძის კალამს ეკუთვნის არაერთი საინტერესო სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. ის სამომავლოდაც გეგმავს აღნიშნული მიმართულებით მორიგ სამეცნიერო კვლევებსა და სხვა მონოგრაფიების გამოცემას.
კომენტარები