ქუთაისში ხვალ “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტებისთვის 9 ადამიანის სასამართლო პროცესი გაიმართება, მათ შორის ორი ქუთაისელი ჟურნალისტია.
მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, 26 იანვარს მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუსიკოს ნინო ქათამაძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს ვლადიმერ აფხაზავას, ჟურნალისტებს – ხვიჩა ვაშაყმაძეს, ეკა კუხალაშვილს და გელა მთივლიშვილს, ასევე, ფსიქოლოგებს – ქეთევან ფილაურს და მაია ცირამუას, სამოქალაქო აქტივისტ ირინა ზარანდიას და ლანჩხუთის საკრებულოს წევრს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
პროცესი პროტესტის ფონზე ჩაივლის. სასამართლოსთან მისვლას ქუთაისელი, თბილისელი და ბათუმელი ჟურნალისტები გეგმავენ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.
კომენტარები