მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, არის ხელისუფლება, იმედი მაქვს, ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება არის ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ მოქალაქეები არ დარჩნენ უმუშევარი, შემოსავლის გარეშე და ეკონომიკური განვითარება ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი.
“მინდა, ჭიათურის მოსახლეობას და, მათ შორის, მაღაროელებს ვუთხრა, რომ საქართველოს მთავრობა ზრუნავს ამაზე, პარლამენტი ყურადღებით აკვირდება მთავრობის აქტივობებს. ეს ის გამოწვევაა, რომელიც ობიექტურად არსებობს და რთულია ამის სრული გადაწყვეტა ბევრი მიზეზის გამო – თანამედროვე ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე ფასების გამო, ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. არ არის ახალი პრობლემა და გამოწვევა, მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ეს არის არა ამ მომენტიდან გამომდინარე ზრუნვა, არამედ ჩვენი პოლიტიკის ნაწილია. ჩვენთვის სამუშაო ადგილების შექმნა არის ამოცანა, ეკონომიკური განვითარება ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი. ჩვენ ეკონომიკურად თუ არ განვვითარდით, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა არ აიწია, დავივიწყოთ საუბარი ნებისმიერ წარმატებული გაერთიანების წევრობაზე, არავის არ ვჭირდებით, თუ ღარიბი ქვეყანა ვიქნებით. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ამ ქვეყანაში თუკი ვინმე ზრუნავს თითოეულ მაღაროელზე, მეშახტეზე, არის საქართველოს ხელისუფლება, ხელისუფლება ფიქრობს ამაზე, ჩართულია ამ საკითხზე. იმედი მაქვს, რომ ყველასთვის მისაღები გამოსავალი იქნება მოძებნილი, რაც ჩვენი ქვეყნის ობიექტურ შესაძლებლობებშია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კომენტარები