ქუთაისელი მარინე ნიკოლაძე, რომელიც დასუფთავების სამსახურში 14 წელი მუშაობდა, მძიმე პირობებზე საუბრობს.
მეეზოვის თქმით, სამსახურში ცოცხების დამზადებასაც კი მათ სთხოვენ. არსებული პირობების გაპროტესტების გამო კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“უმძიმეს პირობებში გვიწევდა მუშაობა, არ გვქონდა ცოცხი, პლასტმასის ცოცხები გვიყიდეს, რომლებმაც არ გაამართლა, შემდეგ უფროსებმა გვითხრეს, ტყეში წადით და თქვენ მოჭერით “თაგვის სარა”, რომელსაც ცოცხად გამოიყენებთო. “ვალინკები” უვარგისი გვქონდა წყალი შეგვდიოდა, საწვიმრები კიდევ უხარისხო იყო. მძიმე პირობებს თუ გააპროტესტებდი, არ მოსწონდათ. ახლა მითხრეს რატომ არ ასუფთავებ შენს ტერიტორიასო, ცოცხი არ მქონდა და რით დამეხვეტა?!” – უთხრა “ინფო იმერეთს” მეეზოვე მარინე ნიკოლაძემ.
ქუთაისის მერიაზე დაქვემდებარებულ ააიპ სპეციალურ სერვისებში მეეზოვის ბრალდებებს უარყოფენ.
“აღნიშნული მეეზოვე ჩვენგან არ არის გათავისუფლებული და დღემდე არის ჩვენი თანამშრომელი და ეს მოქმედი ხელშეკრულებით დასტურდება. ყველა ჩვენს თანამშრომელს სამუშაო პირობებისთვის აქვს ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც მათი ფუნქცია-მოვალეობის სრულყოფილად განხორციელებას უზრუნველყოფს. ჩვენი მხრიდან, მისი მისამართით არაერთგზის მოხდა სამუშაო დისციპლინის გადაცდომასთან დაკავშირებით სიტყვიერი გაფრთხილება, რაზეც მან განაცხადა, რომ სხვა სამსახურიც აქვს და დროში ვერ უთავსებდა.
არაერთგზის სიტყვიერი და წერილობითი შენიშვნის მიცემის შემდეგ და არაერთგზის სამსახურებრივი მოვალეობის გადაცდომის გამო, ის იქნა გადაყვანილი რეზერვის პოზიციაზე. ის იღებს შრომის ანაზღაურებას”, – განაცხადა ააიპი “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი მჟავანაძემ.
კომენტარები