მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კომპანიის ინფორმაციით, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენის პროცესი მღვიმევის მაღაროდან იწყება

კომპანიის ინფორმაციით, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენის პროცესი მღვიმევის მაღაროდან იწყება

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ინფორმაციით, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენის პროცესი დაიწყო. მიწისქვეშა სამუშაოების განახლება მღვიმევის მაღაროდან დაიწყება, სადაც დილიდან უკვე საწყისი ეტაპით გათვალისწინებული აღდგენა – გადამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი მიხაილ სოცკი აცხადებს, მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები, აღდგენითი სამუშაოების შემდეგ დაიწყება, რაც ხუთ დღეს გაგრძელდება.

“დღეს კვირის პირველი სამუშაო დღეა. პირველ რიგში, ვხსნით მღვიმევის მაღაროს და ვიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. მაღარო მეტ-ნაკლებად კარგ მდგომარეობაშია. ველით, რომ აღდგენითი სამუშაოები ხუთ დღეზე მეტხანს არ გაგრძელდება. ამის შემდეგ გადავალთ მოპოვების სამუშაოებზე. უახლოეს დღეებში გავხსნით სხვა მაღაროებსაც. დღესვე გავხსენით ავტოსატრანსპორტო საწარმო. უახლოეს დღეებში დავიწყებთ ელექტრომექანიკური სახელოსნოს აღდგენას. ასე ეტაპობრივად დავიწყებთ მუშაობას ყველა მიმართულებით და პარალელურად მადნის მოპოვებასაც. საერთო ჯამში, შუქრუთის მაღაროს გარდა, ყველა მაღარო მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაშია. მხოლოდ შუქრუთის მაღაროა ყველაზე მეტად დაზიანებული. მის სრულ აღდგენას 6-7 თვე დასჭირდება, თუმცა აღდგენით სამუშაოებს იქაც რამდენიმე დღეში დავიწყებთ”, – აცხადებს სოცკი.

კომპანიის ინფორმაციით, მღვიმევის მაღაროში სამუშაო პროცესი რვასაათიანი სამუშაო გრაფიკით წარიმართება. ანაზღაურება კი ახალ, გამომუშავებაზე დაფუძნებული მოდელით გაიცემა. კომპანიის ინფორმაციით, განახლებულ საშტატო სტრუქტურაში დასაქმებული მაღაროელები გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ.

“მაღაროში დასაქმდნენ ის პირები, რომლებმაც რეორგანიზაციის ფარგლებში განაცხადი შეავსეს და გასაუბრება წარმატებით გაიარეს. მაღაროელებს ჩაერიცხებათ 27 აპრილამდე დარიცხული ხელფასის 60%, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში და შემუშავებული გრაფიკის მკაცრი დაცვით. მასთან ერთად მაღაროელებს სრულად შეუნარჩუნდებათ კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბენეფიტები.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის საწარმოებში რეორგანიზაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ კომპანიის ფინანსური მდგრადობის აღდგენას, არამედ სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას. გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში კომპანიამ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი და გადავიდეს სტაბილურ ოპერირებაზე”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი მიხაილ სოცკი დღეს, იმ მაღაროელების ნაწილს შეხვდა, რომლებიც 28 თებერვლის შემდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციების დაწყების მიზეზი, კომპანიის მხრიდან აღებული ვალდებულებით დასარიცხი ხელფაისის 60%-ის არდარიცხვა იყო.

მაღაროელები აცხადებენ, რომ ინფორმაცია, რომ თითქოს ჭიათურაში სამთო მოპოვების პროცესი განახლდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მათივე თქმით, დღეს მღიმევის მაღაროს გახსნა იგეგმებოდა, თუმცა სამსახურში არავინ გამოცხადდა.

კომენტარები