მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ჭიათურაში პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პროცესში მთავრობა არ ჩაერთვება”

“ჭიათურაში პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პროცესში მთავრობა არ ჩაერთვება”

ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო გამოსვლები მანამ გაგრძელდება, სანამ პროცესში მთავრობა არ ჩაერთვება – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მაღაროელმა დავით ჩინჩალაძემ bm.ge-ს განუცხადა.

ერთი კვირაა, რაც ჭიათურელები ქალაქის ცენტრში იკრიბებიან და „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას – თებერვლის ხელფასის დარიცხვას ითხოვენ. ისინი ასევე ცენტრალურ მთავრობასთან შეხვედრის მოთხოვნით გამოდიან. პროტესტის მონაწილეებს მთავრობასთან 5 მთავარი მოთხოვნა აქვთ.

“ჩვენ პრემიერის და პარლამენტარის ნახვა კი არ გვინდა, პრობლემების გადაწყვეტა და მოთხოვნების დაკმაყოფილება გვინდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ გამოგვხმაურებია. ვითხოვთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან საუბარს. ადგილობრივი მერი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

კომპანიასთან ერთადერთი მოთხოვნა ამ ეტაპზე ის გვაქვს, რომ დაარიგონ ის ხელფასები, რაც ვალდებულებაში ჰქონდათ და მოაგვარონ ეს პრობლემა. დანარჩენი ჩვენ მათთან სალაპარაკოს ვეღარაფერს ვხედავთ, რადგან 2 წლის განმავლობაში ვესაუბრებოდით იმ პრობლემებზე, რომელიც იყო“, – განაცხადა დავით ჩინჩალაძემ.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ კომპანიამ თებერვლის ხელფასები არ დარიცხა, მათ კომუნალურების და საბანკო ვალდებულებების გადახდის პრობლემა დაუდგათ დღის წესრიგში. მაღაროელის თქმით, კომუნალურების საკითხში ადგილობრივმა მერიამ მათ ენერგოკომპანიებთან უშუამდგომლა.

“მერიასთან ვთანამშრომლობთ კომუნალური გადასახადების საკითხებზე, რის შედეგადაც მიმდინარე კომუნალური დავალიანებების გადახდა მანამდე გადაგვივადდება, სანამ ხელფასები არ დაგვერიცხება. თუმცა ბანკის ვალებიც გვაქვს და პროცენტები გვერიცხება”, – ამბობს დავით ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, 5 მარტს “ჯორჯიან მანგანეზმა” Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი “ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგია”, რომლის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ 2025 წლის თებერვალში კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 60% ვეღარ გადაუხადა. “ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების თვითღირებულების მუდმივმა ზრდამ და ხელფასების მატებამ კომპანია უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანა. წაგებიან კომპანიას ბანკებმა დამატებითი სესხების გაცემაზე უკვე უარი უთხრეს”, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები