ხელფასის ჩარიცხვისა და თანხის ჩამოჭრის ესემესები ერთდროულად მომივიდა, ისევ ნული მაქვს ანგარიშზე, – ამის შესახებ ჭიათურის მაღაროს თანამშრომელმა განაცხადა.
2 დღის წინ ჭიათურელ მაღაროელთა ნაწილს იანვრის ხელფასი დაერიცხა, თუმცა თანხა ბანკმა ჩამოაჭრა. მათ ხელფასი “ლიბერთი ბანკში” ერიცხებათ. როგორც მაღაროელები აცხადებენ, “ლიბერთი ბანკში“ სახელფასო ანგარიშები კომპანიამ გადაატანინა.
ამ ეტაპზე ერთი თვის ხელფასი 400 ადამიანს დაერიცხა, აქედან უმეტესობას ბანკმა თანხა სესხის დავალიანების გამო ჩამოაჭრა.
ჭიათურელები უმძიმეს ვითარებაზე საუბრობენ, მათი თქმით, ბანკში განუცხადეს, რომ კიდევ დარჩათ დავალიანება.
“კომპანია მოვიდა შემოთავაზებით, რომ ხელფასები უნდა გადაგვეტანა ლიბერთი ბანკში. 400 ადამიანს ჩაერიცხა თანხა, მაგას ჯობდა საერთოდ არ ჩარიცხულიყო ეს თანხები, ამ დარიცხვას დარიცხვა არ ჰქვია, თუ დარიცხვა იყო, უნდა მოგვარებულიყო ბანკებთან, რომ თანხა არ ჩამოეჭრათ”, – აცხადებენ ადგილობრივები.
მაღაროელებს სესხები სხვადასხვა ბანკში აქვთ, სახელფასო დავალიანებების გამო ისინი სესხებს დაფარვას ვერ ახერხებენ. ადგილობრივები ბანკებთან შუამავლობას ითხოვენ, რომ დავალიანების გამო ჯარიმები არ დაერიცხოთ.
კომენტარები