ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. პარალელურად 6 ადამიანი, მე-10 დღეა, შიმშილობს.
პროტესტის უკიდურეს ფორმის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სახელმწიფო ჩაერთოს მათი პრობლემების მოგვარებაში, შეხვდეს ხელისუფლების წარმომადგენელი მაღაროელებს და უშუალოდ მოისმინოს მათი პოზიციის შესახებ.
“6 პირი ამ წუთებშიც შიმშილობს, 2 ჩვენი თანამებრძოლი კი პენიტენციურ დაწესებულებაში აგრძელებს შიმშილობას”, – განუცხადა “ინფო იმერეთს” ტარიელ მიქაცაძემ.
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ იანვრიდან ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად გააჩერა – მიზეზად კი სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალური” პროტესტი დაასახელა.
„ჯორჯიან მანგანეზი” მაშინ წერდა, რომ თანამშრომლებს ხელფასის 60%-ის ანაზღაურებასა და მოქმედი სადაზღვევო საოჯახო პაკეტის შენარჩუნებას სთავაზობდნენ.
მაღაროელების თქმით, კომპანიამ დაპირება არ შეასრულა და მათ დღემდე არ აქვთ აღებული ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჭიათურაში საპროტესტო აქციები.
მაღაროელების მოთხოვნებია: უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებების მოგვარება; მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია; შეიქმნას ჭიათურის ფონდი; მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაცია; ეკოლოგიური საკითხების მოგვარება.
7 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ”, „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.
განცხადების მიხედვით, შესწავლამ გამოავლინა შემდეგი ფაქტორები: მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა; მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა; შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით; ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.
კომენტარები