ჭიათურაში მოშიმშილე ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა შეწყვიტა.
ისინი იმედოვნებენ, რომ ეს დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას წაადგება, რადგან ასეთი გზავნილი მიიღეს „სანდო ადამიანისგან“.
“დეტალებში ვერ შევალთ, მაგრამ გადავდგით ნაბიჯი უკან და შეწყვეტილია შიმშილობა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენთან მოვიდა სანდო პიროვნება, რომელმაც გვითხრა, რომ ჩვენი შიმშილობის შეწყვეტა შეეწევა დაკავებული ბიჭების პროცესს და ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდებიან“, – აცხადებს ვიდეო მიმართვაში ირაკლი ჯიქიძე.
ოთხი მაღაროელი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. შსს-ს განცხადებით, ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს, რის გამოც მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მაღაროელებს 4-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მათი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
კომენტარები