ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება.
138 დღეა, მოქალაქეები ქუთაისის მერიასთან ყოველდღე იკრიბებიან და ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათი თქმით, 14 აპრილი დედაენის დღეა და “ქართული ოცნების” პირობებში, რომელიც ქვეყანაში რუსულ პოლიტიკას ატარებს, ისევ დასაცავია ქართული ენაც და ქართული სახელმწიფოც.
როგორც პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, ვიდრე აქციების დროს უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება და “ოცნება” ძალაუფლებას არ ჩამოშორდება, ქვეყანა განვითარებას ვერ განაგრძობს და თითოეულის მოქალაქის მომავალი საფრთხის ქვეშ იქნება.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
კომენტარები