მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ადრე იყო ჯერ ?

ადრე იყო ჯერ ?

აღარ მქონდა სურვილი “ბუზებზე” დამეწერა.

გულწრფელად აღარ მინდოდა ბლოგი მიმეძღვნა წარსულისთვის, რომელშიც სულჩაუთქმელი მტკიცება მჭირდებოდა, რომ ჩვენი იდეალები სხვა განზომილებაში იყო, რომ მას გამოქვაბულიდან ამოძახილის ცხოველური სურვილი ჰქონდა და მე ამ სურვილების ცოცხალ გზად, სიტყვად და ძალად ვიქეცი.

შაბათს სხვანაირმა მაყურებელმა და უკვე სხვანაირი თვალით და ყურით ისმინა სპექტაკლი. უკვე თითქმის დარწმუნებულმა, რომ სხვა განზომილებას თურმე მართლა ირჩევდა სიცოცხლისთვის #თეატრისბიჭი და საკუთარი სიკვდილით აღიარებია თავი ყველას, ვისაც ესმოდა და არ ესმოდა ეს.

არასდროს ვეთანხმებოდი, რომ ეს ძალა იყო. არასდროს ვეთანხმებოდი, რომ იგივე საზოგადოების ტაში ღირს საკუთარ თავგანწირვად. ახლაც მგონია, რომ ფიქციაა. იმდენი რამეა ფიქცია. დღეს ჩემთვის, განსაკუთრებით. და მე ჯერ კიდევ ის ვარ, ვინც თეატრის ბიჭის ნაწვალებ სულს ასაზრდოვებდა ბოლო წლები. წლები, როცა ოცხელის სიყვარული გაჩნდა მის ცხოვრებაში, კამიუ და სარტრი, დედისგან დაწყებული ანტიკური ლიტერატურის გადააზრება, რეფლექსიით ტკბობა, ტექსტების ქვემოთ ამოკითხული ემოციების გამოფენა, საბა კლდიაშვილის მოქალაქეობა, არტო და მეიერჰოლდი, ნიცშე და კაფკა, ჰომეროსი და კიდე ბევრი დიდი ბიჭი და დიდი გოგო სამყაროს მეტი შინაარსისთვის.

საბედისწერო როკვა იყო სულ მისი იდეასთან მიკარება და მაინც დახარბებული მწყურვალივით ითხოვდა ამას!

ჩვენი თეატრალური ბლოგების პერფორმანსი უნდოდა გაგვეკეთებია, და ამით ელაპარაკა თეატრზე, რომელსაც ბევრი ტკივილი აქვს.

უნდოდა არისტოფანეს „ლისისტრატე“ დაგვედგა, სანდრო ახმეტელის ვერსია გაგვეცოცხლებია შილერის „ყაჩაღებით“, მოლიერის „დონ ჟუანი“ და სოფოკლეს „ანტიგონე“ – თითქმის ბოლომდე ყველა სცენით გვქონდა დამუშავებული. უნდოდა – გვემუშავა, გვემუშავა, გვეწერა, გვეწერა, გველაპარაკა, გველაპარაკა, გველაპარაკა ყველასთან, ყველასთვის სულ და აღფრთოვანება გადაგვედო.

უკვე წარსულია.

შაბათს, როცა „ბუზებზე“ სავსე დარბაზი ფეხზე იდგა და სპექტაკლის ბოლოს, #თეატრისბიჭის რაღაც ფორმით გამოვლენის სასწაულს დიდხანს ელოდა, შემზარავი წუთები გაიყინა მესხიშვილის დარბაზში. გავიფიქრე, რომ ამისთვის ღირდა სხვადასხვა განათლების, სხვადასხვა ინტერესების, სხვადასხვა შეგრძნებების ადამიანებისგან  ავტორიტეტდასახიჩრებული  ჩვენი კოლაბორაცია, რომელიც ერთმანეთის დაუზოგავად ვათრიეთ, – ღირდა! მას უღირდა! მე -არა. რადგან ყველა ნაკლი და ყველა ღირსება „ბუზებშიც“, „ბუზებამდეც“ და „ბუზების“ მერეც – ალილუიასავით ვიცი. სამწუხაროდ.

აღარ ვიცი, მომინდება თუ არა, როდესმე მოვყვე – როგორ დაიბადა ჩვენს კალთაში სარტრის „ბუზები“ ორესტეს და აგამემნონის განსაკუთრებული სიყვარულით, როგორ გახადა მან ეგისთე სხვა სიკვდილისთვის მეორე ორესტედ, რატომ გაყო ერთი იუპიტერი ორად, რატომ მოკლა კლიტემნესტრა ბოლო კოცნით, რატომ შეაყვარა დიდ იუპიტერს შურისმაძიებელი დედოფალი, რატომ შეაჩერა ორესტეს ფილოსოფოსი პედაგოგი უჭირისუფლოდ დამხრჩვალ მეფესთან, რატომ დაიწყო და რატომ დაასრულა ხავილით მთელი ეს ტრაგედია სცენაზე..

ყველაზე საძაგელი და დაუნდობელი გზით მიიღო აღიარება საზოგადოების, რომელიც არ ღირდა მისი გაფრენის ფასად.

თეატრის „დედები“ და „მამები“ მაინც იქ არიან, სადაც იყვნენ. იქ ურჩევნიათ. რომ იცოდეს, ინანებდა გაფრენას.

ადრე იყო ჯერ.

ბევრი გვქონდა სათქმელი.

ფარსია და ფიქცია სიცოცხლის იქეთ ბრძოლა და ცოტა ირონიულიც. არ მჯერა. არ მიყვარს!

ყველა ისევ თავის განათლებით, თავის ინტერესით, თავის ცხოვრების წესით და თავის შეგრძნებებით არქმევს სახელს დღესაც იმას, რის სახელდებასაც თავად გაუშვა ხელი და უღალატა. 

ადრე იყო ჯერ.

თუმცა, „ბუზების“ ტექსტიც კი მისი მნიშვნელობით, ქუთაისის მაყურებლისთვის აღარასდროს იქნება სარტრის ტექსტი. #თეატრისბიჭის გახდა სამარადისოდ.

ადრე იყო ჯერ. ანდა, რადგან სიტყვა-სიტყვით ვიცი ყველა მისი/ჩვენი შემოქმედებითი დასაწყისი და დამოუკიდებელი გაგრძელების პოტენციაც.. იქნებ, მე მგონია, რომ ადრე იყო ჯერ…

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები