მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველებს ჰყავდეთ ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია”

“ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველებს ჰყავდეთ ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია”

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის, და რა თქმა უნდა არა ხალხის, პოზიცია სრულებით აშკარად უპირისპირდება დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას. საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, აქვს გავლენა, დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც აქვს ევროკავშირის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

“საყოველთაოდ ცნობილია ბატონი ივანიშვილის რეპუტაცია. ცნობილია ბატონი ივანიშვილის ორიენტაცია პოლიტიკისა და საქმიანობის კუთხით და ამაზე საჯაროდ საუბარი, რა თქმა უნდა, შეიძლება. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ საქართველო თავად განსაზღვრავს რომელია მისთვის მისაღები ხელისუფლება. რა ღირებულებებს იზიარებს ეს ხელისუფლება და თვლის თუ არა ქართველი ხალხი საჭიროდ მოთმინებით მიუდგეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციას და თვლის თუ არა ამას პარტნიორულ დამოკიდებულებად. ჩემთვის პასუხი აშკარაა, ნებისმიერი თავისუფალი ადამიანისთვის პასუხი აშკარაა.

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, მას რჩევას ვერ მივცემ, თუმცა, ქართული საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ოკუპანტთან და რუსეთის ფედერაცია საქართველოსთვის ნამდვილად ოკუპანტია, იკავებს უცნაურ პოზიციას. უკრაინას არ სურს, რომ მის ტერიტორიაზე ოკუპანტი იყოს, ამიტომ ჩვენ გათავისუფლებისთვის ომს ვაწარმოებთ. ვაწარმოებთ ომს რადგან უკრაინის ტერიტორია იყოს სუვერენული და ხელშეუხებელი, ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც რუსეთის ფედერაციაა. ჩვენი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ საქართველოს შეეძლო უფრო გასაგები პოზიცია დაეკავებინა, რატომ? იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისგან მანაც იზარალა.

გვინდა, რომ რაიმე ლოგიკა დავინახოთ. თუ ქართველი ხალხი ირჩევს მთავრობას, რომელიც მზადაა დათანხმდეს, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი იურიდიულად საქართველოს არ ეკუთვნის, ეს ქართველი ხალხის არჩევანია. არ შეგვიძლია ეს გავკიცხოთ ან წავახალისოთ. ჩვენ უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენთ. საკუთარი თავისუფლებისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა იბრძოლო. შეხედეთ უკრაინას. დიდ ფასს ვიხდით ჩვენი ბიჭების სიცოცხლით, თუმცა უკრაინაში არავინ ფიქრობს, რომ უფლება უნდა მივცეთ რუსეთის ფედერაციას, ითარეშოს ევროპაში.

ქართველი ხალხისგან დიახ, ვგრძნობთ ნამდვილად მხარდაჭერას. მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. შესანიშნავი ხალხია. ძალიან ამაყი და ძლიერი ხალხია. ჩემთვის უბრალოდ ამოუცნობია, როგორ შეიძლება ასეთ ხალხს ყავდეს ისეთი ოლიგარქი როგორიც ივანიშვილია. სულ ესაა. თუმცა ოლიგარქები, ძალიან სპეციფიკური სუბიექტები არიან. განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირში. ისინი ხშირად არ შეესაბამებიან იმ ხასიათსა და ბირთვს, რაც აქვს რეალურად ხალხს. მე ქართველები ძალიან მომწონს. სამწუხაროდ, სასურველი იქნებოდა გაიხსენონ, რომ ძალიან ამაყი და ძლიერი ადამიანები არიან“, – აცხადებს პოდოლიაკი.

კომენტარები