მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ამ კანონის მიღებით საბოლოოდ მოისპობა დამოუკიდებელი ქართული მედია და შესაბამისად, დემოკრატიაც”

“ამ კანონის მიღებით საბოლოოდ მოისპობა დამოუკიდებელი ქართული მედია და შესაბამისად, დემოკრატიაც”

პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებს მედიის წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ.

ჟურნალისტ დეა მანაგაძის თქმით, ამ კანონის მიღებით საბოლოოდ მოისპობა დამოუკიდებელი ქართული მედია და შესაბამისად, დემოკრატიაც.

“საზოგადოების აგენტებად და არააგენტებად დაყოფას და სტიგმატიზაციას რომ თავი დავანებოთ, (თუმცა, ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ისედაც პოლარიზებულ გარემოში), ამ კანონის მიღებით ყველაზე დიდი საფრთხე მედია ორგანიზაციებს ემუქრებათ. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაა. მედიებს, უმეტეს შემთხვევაში, უამრავ პროექტში და კონკურსში უწევთ მონაწილეობა, ზოგჯერ ძალზე მცირე გრანტის მოსაპოვებლად. თუმცა, ამით დიდ საქმე აკეთებენ სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. სამწუხაროა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი რეგიონი, სადაც დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები არ არსებობენ, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის. ამ კანონის მიღებით კი საბოლოოდ მოისპობა დამოუკიდებელი ქართული მედია და შესაბამისად, დემოკრატიაც”, – წერს ჟურნალისტი დეა მანაგაძე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური “უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

კომენტარები