მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ამ კანონპროექტის მიზანი ქვეყნის იმიჯის დაზიანება და თავისუფალი სიტყვის აკრძალვაა”

“ამ კანონპროექტის მიზანი ქვეყნის იმიჯის დაზიანება და თავისუფალი სიტყვის აკრძალვაა”

პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებს მედიის წარმომადგენელბი აპროტესტებენ.

მედიის წარმომადგენლის თქმით, ამ კანონპროექტის მიზანი ქვეყნის იმიჯის დაზიანება და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებაა.

ჟურნალისტი ირინა მაკარიძე ფიქრობს, რომ პარტია “ხალხის ძალის” უკან მმართველი გუნდი დგას.

“არავითარი “ხალხის ძალა“ არ არსებობს და ეს ჯგუფი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენელი ნაწილი და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დავალებების გამხმოვანებელი და შემსრულებელია. აცხადებენ, რომ ე.წ. აგენტების შესახებ მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ამერიკული კანონის ანალოგია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა კი განაცხადა, რომ ეს სიცრუეა. თუნდაც ამერიკული კანონის ანალოგი იყოს, რომელიც 1938 წელს ფაშისტური და კომუნისტური საფრთხის წინააღმდეგ მიიღეს, დღეს ჩვენ რატომ გვჭირდება ასეთი კანონის მიღება, დასავლეთი არის ჩვენთვის საფრთხე? ამ კანონპროექტის ავტორებისთვის შესაძლოა, ეს ასეც იყოს, მაგრამ ქვეყნისთვის დასავლეთი საფრთხე არ არის და ეს კანონი საქართველოს არ სჭირდება. ამ კანონპროექტის მიზანია ქვეყნის იმიჯის დაზიანება, რაც უკვე მოახერხეს და თავისუფალი სიტყვის აკრძალვა, საიდანაც რეპრესიების დაწყებამდე სულ რამდენიმე ნაბიჯია. მე არ მინდა საქართველოში სიბნელის ბატონობის დაბრუნება, ამიტომ ვეწინააღმდეგები ამ კანონის მიღებას”, – აცხადებს ირინა მაკარიძე.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური “უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

კომენტარები