კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სამართალდამცველებმა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, – ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრალდებული მკვლელობის შემდეგ ავტომანქანით გადაადგილდებოდა. კინოლოგიური სამსახურის ძაღლმაც კვალი აბრამიძის კორპუსის მიმდებარედ დაკარგა, სავარაუდოდ, იმ ადგილას, სადაც ბრალდებული ავტომანქანაში ჩაჯდა.
რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, დანას, ის ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე დატოვა.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში ჯერ არ გადაუყვანიათ.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ცოტა ხნის წინ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულსა და კესარია აბრამიძეს შორის კონფლიქტები ხშირი იყო და აბრამიძე ძალადობის მსხვერპლი იყო.
მკვლელობა თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები