მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ასლამაზიშვილი, ასპანიძე და აშკარელი – იცოდე შენი გვარის ისტორია

ასლამაზიშვილი, ასპანიძე და აშკარელი – იცოდე შენი გვარის ისტორია

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” დღეს ასლამაზიშვილის, ასპანიძისა და აშკარელის გვარების ისტორიას გთავაზობთ.

ასლამაზიშვილი – გავრცელებულია გარდაბანში, მცხეთასა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ასლამაზა. ასლამაზიშვილების გვარის წინაპრები ლამაზიშვილები ყოფილან (XV ს). მოგვიანებით (XVIIIს.) ზედმეტმა სახელმა ასლამაზ აწარმოა გვარი ასლამაზიშვილი. იოანე ბატონიშვილი წერს: ”ამათნი წინაპარნი ესახლნენ კახეთსა შინა, ლაბიანად წოდებულსა ივრის ხეობაზედ, რომელთაცა უწოდენ ლამიანის ძეებად, დროსა გიორგი მეფისასა 1587წ., ხოლო ამათ შთამომავალთაგანი იყო ვინმე ყრმა ფრიად მშვენიერი, რომელსა სახელად უწოდენ ლამაზსა და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მათთა ლამაზისშვილობა და არიან ესენიცა მოხსენიებული ტრაქტატსა შინა”. როგორც ცხოვრებაში ხდება, მჯობზე მჯობი არ დაილია და ლამაზის შვილთა ერთ-ერთ ასულს ასლამაზა შეარქვეს. მეტსახელიდან ასლამაზა გაჩნდა გვარი ასლამაზიშვილი. მე-19 საუკუნეში ქ. თბილისში მუდმივად ცხოვრობდა 23 სხვადასხვა გვარის 70-ზე მეტი მამრობითი სქესის თავადი. ამას გარდა, იყო 68 სხვადასხვა გვარის აზნაური. მათ შორის იყვნენ ასლამაზიშვილები. ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ასლამაზიშვილი გვხვდება 1615წ., 1689წ., 1782წ. და შემდგომ წლებში. გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხურ ეთნოსს მიაკუთვნეს, მაგრამ დაივიწყეს, რომ კუდი დაემალათ. საქმე ისაა, რომ ამ გვარს აქვს შტო-გვარებიც: ზურაბიშვილი, რამაზაშვილი, ფეიქრიშვილი. ასლამაზიშვილების მეორე გვარი ყოფილა ზურაბაშვილი.

ასპანიძე – ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულო სახელი. XII ს-ში ასპანიძენი ტაოს მფლობელნი იყვნენ და ფანასკერტელად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო XV ს-ში გადმოსახლდა ქართლში და ფანასკერტელ-ციციშვილად იქცა.

აშკარელი – გვარადქცეული სადურობის სიტყვა. სოფლის სახელწოდება აშკარა დადასტურებულია ხალხურ ლექსში: “თავფარავნელი ჭაბუკი აშკარეთს ქალსა ყვარობდა”.

ცნობისთვის, იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთის” რუბრიკა – “იცოდე შენი გვარის ისტორია” ყოველ კვირას 3 გვარის ისტორიას გთავაზობთ.

კომენტარები