მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

აუდიტი – ჯარიმებზე ინფორმაცია მძღოლებამდე ხშირად არც კი მიდის

აუდიტი – ჯარიმებზე ინფორმაცია მძღოლებამდე ხშირად არც კი მიდის

საგზაო მოძრაობის კონტროლი ქვეყნის მასშტაბით არასაკმარისად და არაეფექტიანად ხორციელდება – ასეთია აუდიტის სამსახურის დასკვნა. გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებისა და გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა შეისწავლა.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე შსს-ს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების (შემდგომი რეაგირება) აუდიტის ანგარიში ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევებში გზებზე კამერები გაუმართავია და ისინი დარღვევების დაფიქსირებას ვერ ახერხებენ.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა – წინა აუდიტის შემდგომ, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების გამოვლენა. 2018 წელთან შედარებით, 2020 წელს, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 873,144 შემთხვევა შეადგინა. აღნიშნული გარემოება ტექნიკური საშუალებების, კერძოდ, ვიდეოკამერებისა და რადარების რაოდენობის ზრდასთან არის დაკავშირებული.

სიჩქარის კონტროლის ავტომატური სისტემა – სიჩქარის კონტროლის ავტომატური სისტემა დარღვევად ვერ აღიქვამს და შესაბამისად არ აფიქსირებს სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების და სხვა დიდგაბარიტიანი ავტომობილების მიერ, მათთვის დადგენილი სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბებას, რასაც ხშირად თან ახლავს ლეტალური შედეგით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევები.

დაზიანებული ვიდეოკამერების აღდგენა – 112 საკუთარი ძალებით ახორციელებს დაზიანებული ვიდეოკამერების აღდგენით სამუშაოებს, თუმცა უწყებას არ გააჩნია ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის ფაქტის ავტომატურ რეჟიმში დეტექციის პროგრამული უზრუნველყოფა, რის გამოც ასეთი ფაქტის აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მანუალური შემოწმებით, რაც კამერების სიმრავლის გამო სისტემატურად ვერ ხორციელდება.

ამავე დოკუმენტის თანახმად, არ გატარებულა ღონისძიებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელების საკონტაქტო ბაზის განსაახლებლად. შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები არ აკონტროლებენ, ნამდვილად ეგზავნება თუ არა sms შეტყობინება იმ პირებს, რომლებსაც უგროვდებათ გადაუხდელი ვიდეოჯარიმები, რაც დიდი ალბათობით იწვევს იმ გარემოებას, რომ ზოგჯერ ბაზაში ჩაბარებულის სტატუსით დაფიქსირებული ჯარიმის შესახებ არ იცის დამრღვევმა და მას დაეკისრება სანქციები.

კომენტარები