როგორც წლების წინ, დღესაც, თქვენ წინაშე მდგომი, პირობას გაძლევთ, რომ თქვენი მხარდაჭერის შემდეგ, „ქართული ოცნება“, მშვიდობის, კეთილდღეობის და საქართველოს ღირსეული ევროპული მომავლის ერთადერთი გარანტი, ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ პოლიტიკურად დაასრულებს რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს, არამედ, დღის წესრიგში დადგება „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხი, – მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას.
“გპირდებით, რომ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვების პირობებში, საქართველოში სამუდამოდ დასრულდება უცხო ქვეყნებიდან ჩვენი ხალხისთვის ფსევდოლიბერალური ღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივი მცდელობები, არავის მივცემთ უფლებას შეურაცხყოს ჩვენი რწმენა, კულტურა, ისტორია და ღირებულებები, რაზეც ვიზრდებოდით ჩვენ, იზრდებიან და მომავალშიც გაიზრდებიან ჩვენი შვილები.
მტკიცედ მწამს, რომ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერით, არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს გამარჯვება იმდენად დამაჯერებელი იყოს, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის პოლიტიკური ქაოსი, რომლის მოწყობასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოელ პატრონებთან ერთად მუდმივად ცდილობს.
როგორც ჩემს წინა გამოსვლებში, თქვენს წინაშეც მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მე და ჩემს გუნდს გვექნება მზაობა, რომ საჭირო დროს და საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება – საქართველო კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი. გარდა ამისა, გამარჯვებისთანავე გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კომენტარები