“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში, სულ ცოტა, 1 კომპანიას ფლობს.
როგორც TI-ს თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა განაცხადა, ივანიშვილი 2012-19 წლებში, მინიმუმ, 10 კომპანიას ფლობდა რუსეთში და მისი განცხადებები, თითქოს არ ჰქონდა ბიზნესინტერესები რუსეთში 2012 წლის შემდეგ, იყო არასწორი და ტყუილი.
გიგაურის თქმით, საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერაზე, შესაძლოა, სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის რუსეთში არსებული ბიზნესინტერესები განსაზღვრავდეს.
“ჩვენი მონაცემებით, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია, დღეის მდგომარეობით, თავისი ოფშორული კომპანიის საშუალებით, ბიძინა ივანიშვილი სულ ცოტა 1 კომპანიას ფლობს რუსეთში და მას აქვს რუსეთში ბიზნესინტერესი. ასევე 2012-19 წლებში იგი მინიმუმ 10 კომპანიას ფლობდა რუსეთში, ასევე თავისი ოფშორული კომპანიების გავლით და ეს იმას ნიშნავს, რომ მისი განცხადებები, რომ თითქოს მას არ აქვს ბიზნესინტერესები რუსეთში 2012 წლის შემდეგ იყო არასწორი, ტყუილი და საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციის გავრცელება.
რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებს, ჩვენი მონაცემებით, უჩა მამაცაშვილს აქვს საერთო ინტერესი და კომპანია გიორგი პოლტავჩენკოსთან, რომელიც სწავლობდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად კგბ-ს აკადემიაში და იგი იყო ადრე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი. აქ ახალი ისაა, რომ იგი 7 აპრილს დასანქცირდა აშშ-ის მიერ და მისი კომპანია ასევე დასანქცირებულ იქნა დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ.
ასევე, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და მამაცაშვილი საერთო ბიზნესს ფლობს ანა კუვოჩკოსთან, რომელიც 2021 წლამდე იყო რუსეთის დუმის დეპუტატი და მის მეუღლესთან, ბატონ ხერიანოვთან ერთად. ამასთან დაკავშირებით ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ქართულ მედიაშიც გასული თვეების განმავლობაში. საერთო ჯამში, ჩვენი კვლევის შედეგად ის კითხვები, რაც არსებობდა საქართველოს მთავრობის გაურკვეველ პოზიციებთან დაკავშირებით უკრაინის მხარდაჭერაზე, შესაძლოა იყოს კავშირი ზუსტად იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახის წევრებს აქვთ ბიზნესინტერესები რუსეთში და შესაძლოა, ეს ინტერესები ზუსტად განსაზღვრავს დღევანდელი საქართველოს მთავრობის პოზიციებს“, – განაცხადა გიგაურმა.
კომენტარები